იაგო ხვიჩია – სულ ორი გამოსავალია, ან მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოსწორდეს, ან მისი თანამებრძოლები გამოსწორდნენ
ამ ინიციატივით ჯერ კიდევ სააკაშვილი გამოვიდა, როცა უკრაინაში იმყოფებოდა და თქვა, ბოკერია გვიტეხავდა სახელს და კიდევ ვიღაცებიო, – ასე უპასუხა პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, ემიჯნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ იდეოლოგიურად ლიბერალურ ფრთას და რამ განაპირობა მათი შეხედულებების ცვლილება, რადგან ლევან ხაბეიშვილის გეგმის ჩამონათვალი ამ პირობებით იწყება – საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება.
„ახალი არ არის „ნაცმოძრაობაში“ ეს ნარატივი, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, ოღონდ უკვე ოპოზიციონერ მიხეილ სააკაშვილს. ამწუთას რატომ აიტაცა ეს ხაბეიშვილმა, არ ვიცი. ზოგადად, მიხეილ სააკაშვილს ახასიათებდა, განსაკუთრებით, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ის, რომ ამ ნარატივს გააჟღერებდა ხოლმე, როგორც ახლა ხაბეიშვილმა გააჟღერა. ამიტომ, მე არ ვიცი, სააკაშვილს აჰყვა ხაბეიშვილი, რამე ახალია „ნაცმოძრაობის“ შიგნით თუ რა არის. ახალს ვერ დავარქმევ, რადგან მანამდე მიშა ამაზე ლაპარაკობდა, დიდი ხნით ადრე“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი და პრობლემური ისაა, დღეს ერთს რომ ნიშნავს პარტიის თავმჯდომარედ და მერე – სხვას.
„ასე დანიშნული პარტიის ბევრი თავმჯდომარე ჰყავს, მაგრამ ცოტა ხანი გავა, პარტიის თავმჯდომარეობაზე რომ დაინიშნება ეს ხალხი და მათ უკვე აღარ უნდათ მიშას ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ ცხოვრება, რაც შეიძლება, უცნაურადაც ჩათვალო, რადგან როცა ხელისუფლებაში იყო მიხეილ სააკაშვილი, არავის თავში არ მოსდიოდა მსგავსი აზრები, მაგრამ ახლა ვინაიდან ასეთი აზრები თავში მოსდით, მიხეილ სააკაშვილმა უკვე მერამდენე შეცდომა დაუშვა? ის ან თვითონ უნდა შეიცვალოს და თქვას, აღარ ვარ ერთპიროვნული მმართველიო და მართლა არ იყოს, მაგრამ თქვენ გჯერათ ამის? ან ეს უნდა მოხდეს, ან იმ ხალხმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აღიარებდა ერთ დროს ბელადად, ერთპიროვნულ მმართველად და მიშას გარეშე ნულები არიან შინაარსობრივად, ისევ იგივე სიმღერები უნდა დაიწყონ, ისევ უნდა მიუძღვნან სააკაშვილს ოდები და თქვან, შეგვეშალა, მიშა, შენ რასაც იტყვი, ისე იქნებაო და პრობლემა მოგვარდება. სულ ეს ორი გამოსავალია, ან მიხეილ სააკაშვილი გამოსწორდეს, ან მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები გამოსწორდნენ; სხვა შემთხვევაში, თუ არცერთი არ გამოსწორდება, იცით, როგორ არის, სხვა ჯგუფის სისხლი რომ გადაუსხა ადამიანს, ორგანიზმი ხომ რეაქციას აძლევს? აი, ასეთი ტიპის რეაქცია ხდება „ნაცმოძრაობაში“ და არ დამთავრდა ეს რეაქციები, რადგან ვერცერთი მხარე ვერ მივიდა დასკვნამდე, რომ სწორი სისხლი გადაუსხან პაციენტს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ის „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ გულშემატკივრობს.
„ახლა რომ გითხრათ, რომელიმეს ვგულშემატკივრობ და ერთი სული მაქვს, როდის გაძლიერდება „ნაცმოძრაობა“, ამას არ ვგულშემატკივრობ, მაგრამ მე მინდა, „ნაცმოძრაობის“ და მიშას ის ხმები, რომელიც აქვთ და რომელიც წინა არჩევნებზე გვარამიამ წაართვა „ქოცების“ დახმარებით, დაიბრუნოს; თავისი 20%, რაც აქვს მიხეილ სააკაშვილს, ჰქონდეს და არ დააბნიოს დანარჩენი ოპოზიციური ამომრჩეველი, თითქოს რაღაცა ალიანსი სხვა ვინმეა, თითქოს რაღაცა გვარამია „ნაცი“ არ არის და კიდევ ვიღაც სხვები, ვინც არიან მოგროვილი, „ნაცები“. არ მინდა ახლა, ვინმეს ეწყინოს“, განაცხადა ხვიჩიამ.