იაგო ხვიჩია - სხვა გზა თუ არ არის, სანქცირება შეიძლება იყოს დამხმარე, მაგრამ ჩვენ ჩვენი თავის იმედად უნდა ვიყოთ
იაგო ხვიჩია - სხვა გზა თუ არ არის, სანქცირება შეიძლება იყოს დამხმარე, მაგრამ ჩვენ ჩვენი თავის იმედად უნდა ვიყოთ

დასავლეთთან დაშორება „ქართული ოცნების“ შეგნებული არჩევანია, მიაჩნიათ, რომ დასავლეთი არის აგენტების ერთობლიობა, რომლებმაც რევოლუცია მოგვიწყვეს, მერე სადღაც ომი დაგვაწყებინეს, მერე უკრაინელები აცდუნეს და სხვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეთქმულების თეორია, რომელიც საზოგადოებას „ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა, ანტიევროპული, პრორუსულია და სწორედ ამას არ შეეგუება ქართველი ხალხი.

„მთელი დასავლეთი გვეუბნება, რომ ეს არ არის დასავლური საქციელი, ევროპაში ასე ვერ შევალთ და იმავეს ვაგრძელებთ. მთავარი პრობლემა არა რუსული კანონი, არამედ ერთპიროვნული მმართველობაა, რომელიც ჩვენს 83 დეპუტატს აიძულებს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. ეს ნიშნავს ქართველი ხალხის ნების მოპარვას. ქართველ ხალხს არავისთვის მიუცია უფლება, ერთპიროვნულად გადაეწყვიტა ქვეყნის საგარეო კურსის გადახედვის საკითხი. დასავლეთთან დაშორება „ქართული ოცნების“ შეგნებული არჩევანია. მიაჩნიათ, რომ დასავლეთი არის აგენტების ერთობლიობა, რომლებმაც რევოლუცია მოგვიწყვეს, მერე სადღაც ომი დაგვაწყებინეს, მერე უკრაინელები აცდუნეს და ა.შ. შეთქმულების თეორია, რომელიც შემოგვთავაზეს ანტიევროპული და პრორუსულია. სწორედ ამას არ შეეგუება ქართველი ხალხი მას შემდეგ, რაც ზუსტად შეარჩია სამიზნე, თუ ვინ მიათრევს მას არასწორი და არასასიამოვნო მიმართულებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, სანქცირების რეჟიმს არასდროს გულშემატკივრობდა, მაგრამ ბრძოლა ნებისმიერი ფორმით თუ უნდა გაგრძელდეს, ამ ბრძოლაში სანქცირება შეიძლება იყოს დამხმარე საშუალება.

„საეჭვო ტრაექტორია ნიშნავს ჩრდილოეთისკენ კურსს, ქვეყნის მტერთან ჩახუტებას და მეგობრებთან ჩხუბს. სანქცირება არ არის გამოსავალი. სანქცირებას არც არასდროს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ სხვა გზა თუ არ არის, რუსეთისკენ თუ მივდივართ და ერთადერთი გამოსავალია, რომ ყველა ფორმით ვიბრძოლოთ, სანქცირება შეიძლება იყოს დამხმარე ამ ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ ჩვენი თავის იმედად უნდა ვიყოთ. ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს ამ კანონთან დაკავშირებით, უბრალოდ არასერიოზულია. იმდენად არასერიოზული, რომ არავინ ამას სერიოზულად არ იღებს ისე, როგორც არ იყო მოსაწონი, მისაღები ბიძინა ივანიშვილის განცხადება, „ქართული ოცნების“ ერთი-ორი ძალიან ახლო მხარდამჭერის გარდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკული „ფარა“ ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ. მისივე თქმით, ეს განსხვავებული რამ არის.

მეთიუ მილერის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ FARA-ს რეესტრში შეყვანილია „გიული ალასანია და კეზერაშვილის „ფორმულა“, ისინი 12 წელია, აღარ არიან „მთავრობის სახელით მოქმედი პირები“, სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს“.