იაგო ხვიჩია - შინაგანი რწმენა მაქვს, რომ სააკაშვილი უდანაშაულო არ არის, მაგრამ იმ დანაშაულების გამო, რასაც ედავებიან, არ შეიძლება, დანაშაულობა-უდანაშაულობაზე ვისაუბროთ
იაგო ხვიჩია - შინაგანი რწმენა მაქვს, რომ სააკაშვილი უდანაშაულო არ არის, მაგრამ იმ დანაშაულების გამო, რასაც ედავებიან, არ შეიძლება, დანაშაულობა-უდანაშაულობაზე ვისაუბროთ

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულო არ არის. თუმცა, ამავდროულად, იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ მურისიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს არ აქვს უნარი, ასეთი ტიპის დანაშაულებზე ქვეყნის პრეზიდენტი გაასამართლოს.

„ამ ქვეყანაში ვცხოვრობდი მიხეილ სააკაშვილის დროს და შინაგანი რწმენა მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულო არ არის, მაგრამ იმ დანაშაულების გამო, რასაც მას ედავებიან, იმ სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გამო, უბრალოდ არ შეიძლება, ვინმეს დანაშაულობა-უდანაშაულობაზე ვთქვათ, ან მურისიძე-ჩინჩალაძის სასამართლოზე – არ გააჩნია უნარი, ასეთი ტიპის დანაშაულებზე ადამიანი გაასამართლოს, მითუმეტეს ქვეყნის პრეზიდენტი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება კვების ნაწილზე შეკითხვას: „ქართული ოცნება“ ამბობს, სასაცილოა, 41-ე დღესაც კარგად რომ იქნებაო“, – იაგო ხვიჩიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებენ.

„ეს აძლიერებს ჩემს ვერსიას იმასთან დაკავშირებით რომ „ქოცები“ და „ნაცები“ შეკრულები არიან იქიდან გამომდინარე, რომ როდის ყოფილა, მდინარაძეს ან კობახიხეს ვინმეს თანხმობა დასჭირვებია ვინმეს რაციონის საჯარო თქმაში. როცა ამბობდნენ სამ ლიტრა ლიმონათს სვამსო, თაფლს სვამსო, მაშინ არ სჭირდებოდა თანხმობა? შესაბამისად, თუ რამე იციან, ნუ ანერვიულებენ საქართველოს მოსახლეობას და თუ არ შიმშილობს ის ადამიანი, გამოვიდეს და გვითხრან, რატომ ვართ ამ დრამაში ჩავარდნილი ნახევარი ქვეყანა? თუ იტყუება ის, შეიძლება, მოიტყუოს „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით. ის ციხეშია და მისი კვების რაციონი მკაცრად კონტროლდება სისტემის მიერ. ამის შესახებ ინფორმაცია „ქოცებს“ აქვთ.
ფაქტები და ყველაფერი მათ აქვთ, რაც შეეხება იმ კდემას, რომელსაც ასხივებს „ქართული ოცნება“, ოღონდ გვითხრას სააკაშვილმა, ისე არ ვიტყვითო, მაგის არავის არ სჯერა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ამაზე ლაპარაკი სჭირდება – ხან თაფლებზე საუბრობს, ხან ლიმონათებზე, ხან ფეიკ შიმშილობაზე. თუ არ შიმშილობს ადამიანი, უნდა გამოვიდნენ და განაცხადონ, ტყუილად ნერვიულობთ ხალხო, ეს კაცი დიდი ხანია, მიირთმევს საჭმელსო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.