იაგო ხვიჩია - შიდაპარტიული არჩევნები არის მისასვლელი გზა იქამდე, თუ როგორ დაიშალოს ბუნებრივად „ნაციონალური მოძრაობა“
იაგო ხვიჩია - შიდაპარტიული არჩევნები არის მისასვლელი გზა იქამდე, თუ როგორ დაიშალოს ბუნებრივად „ნაციონალური მოძრაობა“

ზოგადად, არჩევნების წაგების შემდეგ პარტიაში კრიზისების არსებობა ნორმალური მოვლენაა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და ციხიდან ვერგამოშვებაც ისეთი ფაქტორია, რაც კრიზისს კიდევ უფრო მეტად აღვივებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას განცხადებით, საზოგადოება დაიღალა დაუსრულებელი პროცესით, რომელიც გამართულია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.

„ბევრჯერ შევთავაზე მხარეებს გამოსავალი, „ნაცმოძრაობაში“ თუ როგორ შეიძლებოდა სიტუაციის დამშვიდება, მათ შორის პარტიის შიგნით, თუმცა სერიოზულად არავინ მოგვისმინა. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე მოვლენების მიმართ დიდი ინტერესი არ გამაჩნია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავინახავ, რომ პარტია იშლება და სხვა პოლიტიკურ რეალობაში აღმოვჩნდებით. მოგეხსენებათ, ამას ვგულშემატკივრობ. შიდაპარტიული არჩევნები არის მისასვლელი გზა იქამდე, თუ როგორ დაიშალოს ბუნებრივად „ნაციონალური მოძრაობა“. მეც და საქართველოს მოსახლეობა დაიღალა ამ დაუსრულებელი „სანტა ბარბარათი“, რომელიც გამართულია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ახლა ეს ყველაფერი კულმინაციაშია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობით და იმით, რომ პარტია საკუთარ ლიდერს ციხიდან ვერ იხსნის. საქართველოში პოლიტიკური თამაშის ეს ეტაპი უნდა დასრულდეს, უფრო საინტერესო ამბავზე გადავიდეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა ამისკენ მისასვლელი გზაა“, – განაცხადა ხვიჩიამ.