იაგო ხვიჩია - შეთანხმებას თუ შევცვლით, „ქართული ოცნება“-„ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლის ფორმულა გამოვა, რაც „ოცნებას“ აწყობს
იაგო ხვიჩია - შეთანხმებას თუ შევცვლით, „ქართული ოცნება“-„ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლის ფორმულა გამოვა, რაც „ოცნებას“ აწყობს

დანარჩენმა ოპოზიციამ საუბარი უნდა გააგრძელოს კონკრეტულ თემებზე, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, რეგიონებში ოპოზიციის მიერ მაჟორიტარების საერთო კანდიდატების დასახელების საკითხზე განაცხადა.

როგორც ხვიჩია აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“  რეგიონებში საკუთარ მაჟორიტარებს დაასახელებს, ოპოზიციამ კონკრეტულ თემებზე საუბარი მაინც უნდა გააგრძელოს.

„თუ მხარეებს უნდათ ეს შეთანხმება და რამდენიმე პარტია, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი თანახმაა, მაშინ ეს რესურსი არსებობს. თუ ამ ხალხს არ უნდა ეს ამბავი, მაშინ რესურსი არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობისგან“ ვიცით, რომ ის ყველგან დააყენებს მაჟორიტარებს, თუმცა ჯერ მაჟორიტარებიც არ წარუდგენიათ და პარტიას ასეთი განცხადება ოფიციალურად არ გაუკეთებია. სანამ ეს განცხადება არ გაკეთებულა. თუმცა, დანარჩენმა ოპოზიციამ საუბარი უნდა გააგრძელოს კონკრეტულ თემებზე. სულ მცირე იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს პოზიცია, როგორი იქნება ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. არ მინდა ვინმეს დავაბრალო, რომ ვინმე ვინმეს მოსყიდულია. შეთანხმებულები ვიყავით, როდესაც „ლეიბორისტების“ ოფისში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომ გამარჯვების ფორმულა იყო – მთელი ოპოზიცია და საზოგადოება ხელისუფლების რესურსების წინააღმდეგ. ამ ფორმულას თუ ვცვლით, „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლის ფორმულით, ჩემი აზრით, ეს ის საქმეა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ საბოლოო განცხადება არ გაუკეთებია. ამიტომ არ მინდა ენამ გამასწროს წინ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

დატოვე კომენტარი