იაგო ხვიჩია - შერიგების დაწყება კარგი იქნებოდა შეწყალების მექანიზმის ეფექტურად გამოყენებით, არ ვამბობ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს, პროცესი დავიწყოთ ჩვეულებრივი ადამიანებით
იაგო ხვიჩია - შერიგების დაწყება კარგი იქნებოდა შეწყალების მექანიზმის ეფექტურად გამოყენებით, არ ვამბობ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს, პროცესი დავიწყოთ ჩვეულებრივი ადამიანებით

„გირჩის“ წევრ იაგო ხვიჩიას განცხადებით, შერიგების პროცესის დაწყება კარგი იქნებოდა შეწყალების მექანიზმის ეფექტურად გამოყენებით.

„ამ შემთხვევაში უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, რომ პრეზიდენტს მართლა უნდა ამ ქვეყანაში ადამიანების შერიგება. თუ შერიგებას ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკოსებიდან, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შერიგებით ეს რთული იქნება. ჩემი აზრით, ჩვენ ქვემოდან უნდა დავიწყოთ და პრეზიდენტმა თავისი ნაბიჯი ეფექტურად უნდა გადადგას. მან ბევრჯერ ილაპარაკა შერიგების შესახებ, მაგრამ ახლა უნდა მოაყოლოს საქმეც. სულ მცირე, პარტიებთან კონსულტაცია იქნება, თუ რაც იქნება, რითაც შერიგებას აპირებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას შეფასებით, „შერიგების პროცესი უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი ადამიანების გათავისუფლებით, რომლებიც ციხეში არ უნდა ისხდნენ“.

„რაღაც მექანიზმი უნდა გაჩნდეს, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან დააკავშირებას. ყველაზე ეფექტიანი ასეთი მექანიზმია პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების მექანიზმი. მე არ ვამბობ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს. დავიწყოთ შერიგების პროცესი ჩვეულებრივი ადამიანების გამოშვებით, რომლებიც ციხეში არ უნდა ისხდნენ. შემდეგ სად მიგვიყვანს ასეთი შერიგების პროცესი და სწორი ეიფორია ადამიანის გათავისუფლების, ზეიმის. არ ვიცი, მაგრამ ეს ზეიმი პრეზიდენტმა უნდა დაიწყოს, თუ თავისი უფლებამოსილების ეფექტურად გამოყენება უნდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება შეკითხვას, ოპოზიცია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, სწორედ სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალებას ითხოვს. ხვიჩია აღნიშნავს, რომ „ყველაფერი უცბად და ერთდროულად არ გამოდის“.

„ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ, ვაჩვენოთ, რომ იწყება საზოგადოების შერიგების პროცესი და არა პოლიტიკოსების შერიგების, რომლებიც ხვალ ისევ იჩხუბებენ“, – დასძინა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა: „ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა. ეს ჩემი ახირება არ არის, საზოგადოების დაკვეთაა“.