იაგო ხვიჩია - შარლ მიშელის ვიზიტი კონფლიქტის განსამუხტად მნიშვნელოვანია, ეს არის ნიშანი, რომ მეგობრები ყველაფერს აკეთებენ, რათა კრიზისიდან გამოგვიყვანონ
იაგო ხვიჩია - შარლ მიშელის ვიზიტი კონფლიქტის განსამუხტად მნიშვნელოვანია, ეს არის ნიშანი, რომ მეგობრები ყველაფერს აკეთებენ, რათა კრიზისიდან გამოგვიყვანონ

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დროს საქართველოში ჩამოდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

„თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რანგის სტუმარი ჩამოდის ქვეყანაში კრიზის დროს. წინასწარვე არსებობს მოლოდინები, რომ საუბარი შეეხება იმ მთავარ კრიზისს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ახლა არსებობს. ვფიქრობ, პირველ რიგში ეს არის ნიშანი, რომ ჯერ კიდევ ვახსოვართ მეგობრებს და ყველაფერს აკეთებენ, რათა კრიზისიდან გამოგვიყვანონ. მე მათ წარმატებას ვუსურვებ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი კონფლიქტის განსამუხტად. თუ არ განიმუხტება კონფლიქტი, როგორც „ქართულ ოცნებას“ ასევე ოპიზიციას მოუწევთ, რაღაცნაირად ახსნან, რატომ არ გაითვალისწინეს მეგობრის აზრი. ჩემი აზრით, მინიმუმ ეს მნიშვნელობა ექნება. ჩვენ ვისაუბრებთ ყველაფერზე, რასაც ვასაუბრობდით აქამდე, მათ შორის შერიგების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ ვუყურებთ კონფლიქტის მოგვარების გზებს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი დაიწყო. შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. შარლ მიშელი ასევე შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაემგზავრება საოკუპაციო ხაზთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.