იაგო ხვიჩია - საქართველოში 13-პროცენტიანი ინფლაციაა და ეროვნულ ბანკს ვერ შემაქებინებთ, რაც არ უნდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს
იაგო ხვიჩია - საქართველოში 13-პროცენტიანი ინფლაციაა და ეროვნულ ბანკს ვერ შემაქებინებთ, რაც არ უნდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს

მგონი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახალს არაფერს გვეუბნება, რადგან doing business-ის თვალსაზრისით რეიტინგებში მოწინავე ადგილი აქამდეც გვქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა საინვესტიციო კლიმატის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს საინვესტიოციო კლიმატია შეფასებული და აღნიშნულია, რომ „საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია, მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყანა რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი“.

„დოკუმენტში ტექნიკურად რაც წერია, შეიძლება, ის სხვაზე უკეთ გვაქვს დალაგებული, მაგრამ როცა გვითხრეს, რომ დავების განხილვის ნაწილი არის პრობლემა, ეს იმას ნიშნავს საბოლოო ჯამში, რომ სასამართლოს არ ქონა ინვესტორებსა და ბიზნესმენებს დაუცველს ტოვებს. ამ შენიშვნას აქამდეც გვეუბნებოდნენ და გვეუბნებიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატი ანგარიშის იმ ნაწილსაც შეეხო, სადაც კონკრეტულად საქართველოს ეროვნულ ბანკზეა საუბარი და ნათქვამია, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად“.

„რაც შეეხება ეროვნული ბანკის ნაწილს, ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი არა იმის გამო, რომ სანქციებს არ შეურთდა, არამედ იმის გამო, რომ რაღაცებს შეუერთდა და ამბობდა, რომ სანქციებს არ ვუერთდები პოლიტიკური პოზიციის გამოო. საბანკო სისტემა სხვა რამეს ნიშნავს, სხვანაირად არის მოწყობილი და პრობლემა ის იყო, რომ პოლიტიკურად ვამბობდით, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, თორემ, საქართველოდან დაწესებული სანქციები რუსეთს რამდენად დააზიანებდა, ეს მეორე საკითხია. „შავი ხვრელის“ ადგილი მხოლოდ ეროვნული ბანკის თემა არ არის, შეიძლება, სხვა ადგილი არსებობდეს. ქვეყანაში 13-პროცენტიანი ინფლაციაა და საქართველოს ეროვნულ ბანკს ვერ შემაქებინებთ, რაც არ უნდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.