იაგო ხვიჩია - საქართველოს ხელისუფლება თვალსა და ხელს შუა ანტიამერიკული ძალა ხდება
იაგო ხვიჩია - საქართველოს ხელისუფლება თვალსა და ხელს შუა ანტიამერიკული ძალა ხდება

ყველაზე მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება თვალსა და ხელს შუა ანტიამერიკული ძალა ხდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება თუ პარტნიორებისგან მიღებულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, გამოდის, გეზი რუსეთისკენაა.

„მას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ისეთ შენიშვნებს აძლევს, საქმე სხვა ქვეყანას რომ ეხებოდეს, წარმოდგენა გვექნებოდა, რომ წავედით რუსეთისკენ ან აშშ-ს მოწინააღმდეგეებისკენ. ეს ქართველი ხალხის მხრიდან უნდა იყოს აღქმული, როგორც ხელისუფლების ნაბიჯი რუსეთისკენ და შემოდგომით ძალიან მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს. შეიძლება, ეს იყოს უკანასკნელი შანსი, როცა ჩვენი მეგობრები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ცდილობენ ჩვენი სახელმწიფო ვექტორი რუსეთიდან დასავლეთისკენ მოატრიალოს. ყველა შენიშვნა, რასაც გვეუბნებიან, საგულდაგულოდ და სრულყოფილად უნდა იყოს გათვალისწინებული. რომელ ექვს მოსამართლეს უნდა გადავაყოლოთ საქართველო – აშშ-ს ურთიერთობები? – კარგ შემთხვევაში მივიღებთ სანქციებს თანამდებობის პირების მიმართ, ხოლო ცუდ შემთხვევაში, ქვეყანას, როგორც შეუმდგარ ქვეყანას, ყველა ფეხებზე დაიკიდებს.

თუ საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებისგან მიღებულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ გეზია რუსეთისკენ – ასეთ შემთხვევაში, შემოდგომაზე არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის კეთდება. რასაც დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს თავისი შინაარსით ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.