იაგო ხვიჩია - სამწუხაროა, რომ ზურა ჯაფარიძის მომხრეები პარტიის დანარჩენ ლიდერებს ტალახს ესვრიან, ცოტა ხანში ამ ტალახს წვიმა ჩამორეცხავს და დარჩება ქვა, რომელიც არის სიმართლე
იაგო ხვიჩია - სამწუხაროა, რომ ზურა ჯაფარიძის მომხრეები პარტიის დანარჩენ ლიდერებს ტალახს ესვრიან, ცოტა ხანში ამ ტალახს წვიმა ჩამორეცხავს და დარჩება ქვა, რომელიც არის სიმართლე

„გირჩი“ არც ჩემია, არც ზურა ჯაფარიძის, არც ვახო მეგრელიშვილის, „გირჩს“ ვერავინ ვერსად წაიღებს და ვერავინ ვერავის მისცემს, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომ მას თანამდებობის მიტაცებას აბრალებენ და ამბობენ, რომ „გირჩში“ თანამდებობის განაწილებაზე დაიწყო კამათი, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ აღნიშნულზე პასუხის გაცემას და ამ ფორმით განხილვას არ აპირებს.

„მე სისულელეებს არ ვპასუხობ. როცა ამას ამბობენ, უნდა თქვან, ვინ რას იტაცებდა ზოგადად, თუმცა ჩვენ ამის ასე განხილვას არ ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს „გირჩის“ შიდა ჯგუფი 15 000-კაციანი. მეც, ვახო მეგრელიშვილმაც და სანდრომაც გადავწყვიტეთ, რომ ამ ხალხს ველაპარაკოთ ამ პერიოდის განმავლობაში და ზოგადად, ყოველდღიურად, 08:00 საათზე გვექნება ჩვენი შეხვედრები და რასაც ვხედავთ, ამას ავუხსნით. ტელევიზორში არ გვინდა ამაზე ლაპარაკი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

​მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ზურაბ ჯაფარიძის მომხრეები პარტიის სხვა ლიდერებს ტალახს ესვრიან.

„ჩვენ გულწრფელები ვართ და მთელი თვე ასე იქნება. ყველაფერი გახდება „გირჩის“ შესახებ ცნობილი მისი დაფუძნების დღიდან. „გირჩი“ არც ჩემია, არც ზურა ჯაფარიძის, არც ვახო მეგრელიშვილის. „გირჩს“ ვერავინ ვერსად წაიღებს და ვერავინ ვერავის მისცემს. ზოგადად, ყველამ იცის, ვინც მიცნობს, რომ არაკვალიფიციურობას არ ვაფასებ. ამის გამო თანამშრომლებთან ხშირად მომდიოდა გაუგებრობები. შესაბამისად, ასეთი ხშირად ხდება ყველა ორგანიზაციაში. როცა ადამიანები დაშორდებიან რამის გამო, სამი წლის წინანდელი ამბების ცალმხრივად მოყოლა მტყუან-მართლის გარჩევის გარეშე ნორმალურია. სამწუხაროა, რომ ზურა ჯაფარიძის მომხრეები ასე იქცევიან და პარტიის დანარჩენ ლიდერებს ტალახს ესვრიან. ცოტა ხანში ამ ტალახს წვიმა ჩამორეცხავს და დარჩება ქვა, რომელიც არის სიმართლე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.