იაგო ხვიჩია - სამართალდამცავი სისტემა დღეს ჩაფლავდა, ადამიანები სპეციფიკური ბრბოს წინაშე დაუცველები არიან
სამართალდამცავი სისტემა დღეს ჩაფლავდა, შესაბამისად, ადამიანები არიან დაუცველები სპეციფიკური ბრბოს წინაშე, რომელსაც გეი და ოპერატორი ერევა ერთმანეთში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, დღეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, რადგან ისეთი ხალხი დაშავდა, რომლებიც ღირსების მარშთან არ იყვნენ კავშირში.
„ამის მიზეზი არავინ იცის. შეიძლება ადამიანები ისე განაწყოს, რომ ვიღაცას ისე მისდევდეს, ვინც შეხვდება იმას ურტყამდეს? – ეს ძალიან სამარცხვინო ფაქტია და ყველა მონაწილე, რომელიც ამ პროცესს არ გაემიჯნება, როცა აზრზე მოვა, საკუთარი საქციელის ძალიან შერცხვება. ამ სიტუაციიდან ყველაზე გალახული ხელისუფლება გამოდის. რეალურად, ეკლესიამ და ამ ხალხმა, რაც გააკეთა, იმის ჩვენებაა, თუ ვინ არის „ბოსი“. ამის მტკიცების პროცესს ვხედავთ და გეების დევნა შირმად არის გამოყენებული საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად. ვერავინ დამაჯერებს, რომ დღეს, 5 ივლისს არის დღე, როცა სიწმინდის დამცველი ქართველი ვაჟკაცები გეების წინააღმდეგ ერთბაშად ირაზმებიან ბუნებრივად, ამ დღეს „აწვებათ“ რაღაცნაირად ყველანაირი ემოცია დაეს ემოცია იმდენად მძაფრია, რომ იღვრება პირველ შეხვედრაზე, ისეთ უწყინარ ხალხზე, როგორებიც ჟურნალისტები და ოპერატორები არიან?”, – განაცხადა ხვიჩიამ.
დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს სპეციფიკური თანამშრომლობა ახასიათებთ და ეს ურთიერთობა ხან ასეთია, ხან ისეთი – ზოგჯერ ხელისუფლება სჯის საპატრიარქოს რაღაც ფორმით, ზოგჯერ პირიქით, საპატრიარქო შურისძიებას აცხადებს ამაზე.
„დღეს საპატრიარქომ დასაჯა ხელისუფლება და შეარცხვინა მთელი მსოფლიოს წინაშე, მათ შორის, საკუთარი ნორმალური ამომრჩევლის წინაშე. იცის, რომ ახლა არის წინასაარჩევნო პერიოდი და წინასაარჩევნოდ ეს გაუვა, მაგრამ დღეს ნებისმიერმა ადამიანმა ძალიან წააგო, ვინც იქ დღეს ღმერთის სახელით იყო გამოსული და იმას აკეთებდა, რასაც აკეთებდა. ეკლესიამაც წააგო იქედან გამომდინარე, რომ ჯერ არ მინახავს ნორმალური ადამიანი, რომელსაც ის მოსწონებოდა, რაც ხდებოდა. ის ადამიანებიც კი, როლებიც ჩვენდა სამწუხაროდ, ტაშს უკრავენ გეების ცემას, დღეს ვერ იქნებიან ტაშის დაკვრის ხასიათზე, რადგან გეების ნაცვლად საერთოდ სხვა ხალხია გალახული. ეს ყველაფერი აწყობთ ამ ქვეყნის მტრებს. ისინი ამით ზეიმობენ. თუ აქამდე ვსაუბრობდით, რომ ცივილიზებული ქვეყანა ვართ, ჩვენთან თანაცხოვრობენ სხვადასხვა ადამიანები და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ტრადიციების ყველაზე დამცველი ინსტიტუტი და მისი მხარდამჭერები ფაქტობრივად წყალს ასხამენ ქართულ ისტორიას და მსჯელობის მიმართულებას“ – აღნიშნა ხვიჩიამ.