იაგო ხვიჩია - საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე ოპოზიცია ჯერ არ შეთანხმებულა
იაგო ხვიჩია - საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე ოპოზიცია ჯერ არ შეთანხმებულა

„გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე ოპოზიცია ჯერ არ შეთანხმებულა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, პარტიებში ინდივიდუალურად მოხდება კანდიდატების შერჩევა და ამის შემდეგ მოხდება ამ კადიდატების განხილვა საერთო ოპოზიციურ ფორმატში.

„თუ სწორად ვუყურებ პროცესს, პროცესი მესმის ასე – ოპოზიცია თანხმდება საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე, რისი დასაწყისიც უნდა იყოს ის, რომ კონკრეტულმა პარტიებმა წარმოადგინონ თავიანთი კვოტის ფარგლებში ადამიანის სახელები და გვარები. თქვან რომ ჩვენგან ესენი იქნებიან კანდიდატები და მოდით, დავიწყოთ ლაპარაკი. ვფიქრობ, რომ რომელიღაცა ასეთი საუბრის ინფორმაციამ გაჟონა მედიაში და შესაბამისად, მედიიდან ეს ინფორმაცია გავიგეთ. ეს კანდიდატები არ ყოფილან შეთანხმებული საერთო ოპოზიციურ ფორმატში, მაგრამ მე რომ გითხრათ, მე უნდა შემითანხმოს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თვითონ საკუთარი კვოტის ფარგლებში ვის წარმოადგენს, ამ საკითხს ასე არ ვუყურებ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, მთავარი არის ოპოზიცია შეთანხმდეს წესზე, ამ წესის ფარგლებში წარმოადგინოს კანდიდატი.

„მაჟორიტარულ კანდიდატებზე მოლაპარაკების პროცესი არ არის მარტივი, ზოგადად გამოცდილება არსებობს, რომ რთული და წინააღმდეგობრივი პროცესია, მაგრამ ვინაიდან ყველას გვესმის, რა სიტუაციაში ვართ, ვფიქრობ, დაძლევადი იქნება ეს სირთულეები. შეიძლება ვცდები, პირველად ვმონაწილეობ მსგავს პროცესში, მაგრამ ოპტიმისტი ვარ ბუნებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.