იაგო ხვიჩია - საერთაშორისო დამკვირვებლები მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში არავინ არავის ენდობა
იაგო ხვიჩია - საერთაშორისო დამკვირვებლები მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში არავინ არავის ენდობა

საერთაშორისო დამკვირვებლების არსებობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში არავინ არავის ენდობა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ისურვებდა, საარჩევნო პროცესს მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდეს.

„საერთაშორისო დამკვირვებლების არსებობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში არავინ არავის არ ენდობა – არც ერთი პარტიის წარმომადგენელი და დამკვირვებელი არ ენდობა სხვა პარტიის წარმომადგენელსა და დამკვირვებელს, ამიტომ კარგია, რომ ბევრი საერთაშორისო, ნეიტრალური ადამიანი ჩამოვიდეს, პროცესებს დააკვირდეს და მტყუან-მართლის გარკვევაში დაგვეხმაროს, როცა კონფლიქტი წარმოიშვება საარჩევნო უბანზე, თუ საარჩევნო ოლქში.

ვისურვებდი, მეტი დამკვირვებელი იყოს გამოგზავნილი. სხვა მექანიზმებიც არის საჭირო, რომ მტკიცებულებები მოვიპოვოთ, მაგრამ მისიების მოსაზრებებია მნიშვნელოვანი, როგორც დამატებითი არგუმენტაცია, როცა კამათი მიმდინარეობს და ვერავინ არკვევს მტყუან-მართალს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სასამართლო არ გვაქვს და საერთაშორისო პარტნიორები არიან ავტორიტეტები, რომელთა სიტყვას ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლებმა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის გახსნასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც აღინიშნა, ეუთო/ოდირს საერთო ჯამში ქვეყანაში 380 დამკვირვებელი ეყოლება.