იაგო ხვიჩია - სააკაშვილს ვურჩევდი, თანაგუნდელების ყველა რჩევა დაივიწყოს, ეს არის ცრუ იმედი, ხალხს არ უყვარს ჭირვეული პრეზიდენტები და არც ციხიდან უშვებენ
იაგო ხვიჩია - სააკაშვილს ვურჩევდი, თანაგუნდელების ყველა რჩევა დაივიწყოს, ეს არის ცრუ იმედი, ხალხს არ უყვარს ჭირვეული პრეზიდენტები და არც ციხიდან უშვებენ

მგონი, სააკაშვილი პატიმრობიდან ხვეწნით არ გათავისუფლდება, რადგან ხვეწნა ქართველ ხალხზეც არ ჭრის, მათაც გეგმა უნდა შესთავაზო, მას რა მოგება ექნება, თუ გათავისუფლდები. განცხადება, დავამხობ და ა.შ. არ არის დამაჯერებელი. თუ გინდა, რომ ხალხი დაგეხმაროს, ხალხსაც სარგებელი უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გამოსვლა სათანადოდ არ უნდა.

„სააკაშვილი ამბობს, რომ მას შეცდომა ჯერ არ დაუშვია და ყველაფერს სწორად აკეთებდა – ხალხო, თქვენ ხართ ზარმაცი და უსაქმურები, რომ პატიმრობიდან არ გამოგყავართო. ამით ხალხი არ გამოდის. სააკაშვილმა ჯერ უნდა თქვას, რა შეცდომები დაუშვა და სამართლიანი სასამართლო როგორ წარმოუდგენია. მგონი, თავის მოკატუნებას უნდა მორჩეს, თითქოს სასამართლოში შეცდომა არ დაუშვია, ყველაფერი რიგზე იყო და ხალხმა ვერ გაუგო. ახლა მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გამოსვლა სათანადოდ არ უნდა. ციხიდან გამოშვება გინდოდეს ორი წელი და ახალს არაფერს ამბობდე, ასეთი სურვილის არ მჯერა. მგონია, მიხეილ სააკაშვილს ატყუებენ – „ნაცებიც“ ატყუებენ, რომ არაფერი უნდა აღიაროს და ყველაფერი სწორად მიმდინარეობს. მგონი, „ქოცებიც“ ატყუებენ, თუ ასე გააგრძელებ, არჩევნებამდე გამოგიშვებთო. სააკაშვილს ვურჩევდი, მეტი გაბედოს, თავისი თამაში გაბედოს და ყველა რჩევა დაივიწყოს, რასაც მას თანაგუნდელები აძლევენ. ეს არის ცრუ იმედი. ვისაც სააკაშვილისთვის კარგი უნდა, უნდა ეუბნებოდნენ, მიშა, აზრზე მოდი და პოლიტიკოსი გახდი, პოლიტიკოსივით ქცევა დაიწყე და არ გააგრძელო პატარა ბავშვივით ჭირვეულობა, რადგან ხალხს არ უყვარს ჭირვეული პრეზიდენტები და არც ციხიდან უშვებენ. რამდენ ადამიანს უნდა, რომ მიშას სახელით პარლამენტში შესრიალდეს და ელოდებიან, რომ ვიდრე ციხეშია, მათი პარლამენტში შესვლა არ გააპროტესტოს. მას ვთავაზობ, რომ ლოკომიტივი თავად იყოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ქართველმა ხალხმა ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან“.

18 იანვარს „წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასება გამოაქვეყნა და გარკვეული რეკომენდაციები გასცა. შეფასებაში აღნიშნულია, რომ ყველა პატიმარი, რომელიც „ვივამედის“ დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათი უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული მკურნალობით.

„თითქმის ყველა ოთახს დიდი ფანჯრები ჰქონდა, რაც უზრუნველყოფდა კარგ ბუნებრივ განათებას და სასიამოვნო ხედს. თუმცა ეს არ ეხებოდა სააკაშვილის ოთახს, სადაც ფანჯრებში დაბურული შუშა იყო ჩასმული და პრაქტიკულად არ იღებოდა (კლინიკაში მიღების შემდეგ, ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში). ამ კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა კომიტეტს თავის 2023 წლის 12 აპრილის წერილში, რომ ფანჯრებში დაბურული შუშები შეიცვალა და ბ-ნ ს.-ს მიეცა გარე ხედისა და მზის შუქის ხილვის საშუალება. კომიტეტი მიესალმება ამ პოზიტიურ ნაბიჯს. სააკაშვილის ოთახი კარგად მოწყობილია (მას ჰქონდა დივანი, მაგიდა, სკამები და მაცივარი), განსხვავებით მე-4 და მე-6 სართულების ოთახებისა, სადაც პაციენტების ოთახებში ძირითადად მხოლოდ საწოლები და პატარა კარადები იყო განთავსებული, არ ჰქონდათ სკამები და მაგიდები (გარდა რამდენიმე ოთახისა, სადაც უფრო მძიმედ დაავადებული პაციენტები იმყოფებოდნენ), რაც ნიშნავდა, რომ პაციენტებს საკვების მიღება მხოლოდ საწოლზე მჯდომარეებს შეეძლოთ (არ იყო გამოყოფილი სასადილო ოთახები). დელეგაციამ ნათლად დაინახა, რომ პაციენტების უმეტესობა არ იყო საწოლზე მიჯაჭვული. კომიტეტი „ვივამედის“ კლინიკის მე-4 და მე-6 სართულების პაციენტების ოთახების ავეჯით უზრუნველყოფის რეკომენდაციას იძლევა, ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია კომიტეტის შეფასებაში.