იაგო ხვიჩია - სააკაშვილი ნორმალურად დამხვდა, შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი „გირჩის“ გეგმის განსახორციელებლად, რომლის ერთი ნაწილი უშუალოდ დაკავშირებულია მის გათავისუფლებასთან
იაგო ხვიჩია - სააკაშვილი ნორმალურად დამხვდა, შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი „გირჩის“ გეგმის განსახორციელებლად, რომლის ერთი ნაწილი უშუალოდ დაკავშირებულია მის გათავისუფლებასთან

„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩია განცხადებით, მიხეილ სააკშვილს გააცნო გეგმა, რაც „გირჩის“ პარტიას ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით აქვს. მისივე თქმით, სააკაშვილს დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ გეგმის განსახორციელებლად.

როგორც იაგი ხვიჩიამ აღნიშნა, გეგმის ერთი ნაწილი უშუალოდ არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან.

„პრეზიდენტი დამხვდა ნორმალურად. რომ გითხრათ, სასიამოვნო საუბარი იყო, შესაბამისი ადგილი, სიტუაცია არ იყო. მაინტერესებდა პრეზიდენტის აზრი, როგორ უყურებდა ჩვენს ინიციატივას, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს ცოტა ხნის წინ შევთავაზეთ და რომელზეც მისმა თანაგუნდელების ნახევარმა „ქართულ ოცნებასთან“ შეკრულობა დაგვაბრალეს. პრეზიდენტს ესმის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ერთადერი გზა არის დეპოლარიზაციის მისაღწევად, რადგან რაც ვუთხარი – ვერ წარმომიდგენია, თქვენ ციხეში იჯდეთ და შესრულდეს მოთხოვნა, რაც ევროპელებს აქვთ, ამასთან დაკავშირებით მეთანხმებოდა. სააკაშვილის თანაგუნდელებისთვის რომ იყოს გზავნილი, მას არ აქვს ეჭვები და კითხვები, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ თამაშს ვთამაშობთ და მათი მოგზავნილი ვართ. შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ჩვენი გეგმის განსახორციელებლად და ამ გეგმის ერთი ნაწილი უშუალოდ არის დაკავშირებული მისი პატიმრობიდან გათავისუფლებასთან.

მოგეხსენებათ, მიხეილ სააკშვილის გადაყვანის ნაწილში ჩვენ პირველივე დღიდან ამას ვამბობდით. შესაბამისად, ჩვენ ეს ბრძოლა ახლა არ დაგვიწყია და მით უმეტეს ეს ნაწილი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა პირდაპირ უშლის ხელს ევროინტეგრაციის პროცესს.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებდი, ეს საკითხი იყოს მნიშვნელოვანი. მათთვის მნიშვნელოვანი იმას კი არ ნიშნავს, რომ ტყუილად იყვირონ, არამედ ნიშნავს, თქვან, რომ თუ ეს გაკეთდება, ამის სანაცვლოდ ჩვენ სხვანაირად მოვიქცევით. ამას ეხებოდა ჩემი შეხვედრა, რომ მისი თანაგუნდელები ცოტა სინქრონში მოვიდნენ იმ მოთხოვნებთან, რომლებიც საჭიროა როგორც სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ისე ევროინტეგრაციისთვის. სააკაშვილმა მითხრა, რომ მასთან სალაპარაკოდ დადის ეკა ხერხეულიძე და არსებობენ სხვა ლიდერებიც, რომლებმაც მისი აზრი იციან. თავის გათავისუფლებასთან დაკავშირებით იცის, რომ დასავლეთის ზეწოლაც არის „ქართულ ოცნებაზე“ და ისინი უბრალოდ ამას არ ასრულებენ. მისი გათავისუფლების მოთხოვნით სხვა ქვეყნის ლიდერებიც არიან ჩართული, თუმცა ზოგადად, ის, რომ ევროინტეგრაციასთან ერთად უნდა იყოს ეს ამბავი აღქმული, ამაში პრეზიდენტიც მეთანხმება. საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო დაწვრილებით წერილობითაც მივაწვდით მიხეილ სააკაშვილს. თვითონ თქვა, რომ მას ქართული პოლიტიკა ამ წუთას ნაკლებად აინტერესებს, აინტერესებს ევროინტეგრაციის ნაწილი. ახლა უფრო დაინტერესებულია უკრაინული პოლიტიკით, რადგან ახლა იქ არის მთავარი გამოწვევები. ძალიან წყდება გული, რომ ქვეყანას, სადაც თუ არ ვცდები, 18 წელი ცხოვრობდა, ეს ციფრი მითხრა, ახლა ვერაფრით ეხმარება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს ვერ შეაფასებს, თუმცა ამბობს, რომ საუბრის დროს ადეკვატური იყო.

„არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია დასაბრუნებელი. ჩემთვის უფრო საინტერესო იყო, ემუქრება თუ არა რეალური საფრთხე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. ექიმი არ ვარ, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ მისი ჯანმრთელობა იდეალური რომ არ არის, მგონი, ყველასთვის გასაგებია. ჯანმრთელობის სიღრმეს და სიმძიმეს ვერ შევაფასებ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი საუბრის დროს იყო ადეკვატური“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.