იაგო ხვიჩია - პროტესტი როგორი სამართლიანიც არ უნდა იყოს, ყველაფერი სწრაფად ეხვევა პოლიტიკური სპექტაკლის დღის წესრიგში, რაც ადამიანებს ხელს უშლის სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში
იაგო ხვიჩია - პროტესტი როგორი სამართლიანიც არ უნდა იყოს, ყველაფერი სწრაფად ეხვევა პოლიტიკური სპექტაკლის დღის წესრიგში, რაც ადამიანებს ხელს უშლის სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში

ყველაფერი, რა სამართლიანი პროტესტიც არ უნდა იყოს, სწრაფადვე ეხვევა პოლიტიკური სპექტაკლის დღის წესრიგში, რაც ადამიანებს ხელს უშლის იმაში, რომ გასაბრაზებელი ფაქტის მიმართ სწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია 24 იანვარს, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს და მასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ზოგადად, სისტემურ დანაშაულთან და სისტემის პრობლემასთან ბევრი რამეა ამ ქვეყანაში დაკავშურებული. ჩვენ თუ გვინდა, დავადასტუროთ სისტემური პრობლემა, ბევრად უკეთესი მტკიცებულებები არსებობს. მოცემული შემთხვევა გვაჩვენებს, რომ პოლიციელი ადამიანს სცემს. ჩვენ ვიცით, რომ ამაზე საზოგადოება ყოველთვის აღშფოთდებოდა და ახლაც აღშფოთდა.

ყველაფერი, რა სამართლიანი პროტესტიც არ უნდა იყოს, სწრაფადვე ეხვევა პოლიტიკური სპექტაკლის დღის წესრიგში, რაც ადამიანებს ხელს უშლის იმაში, რომ ამ გასაბრაზებელი ფაქტის მიმართ სწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეთ. უცბად გადადის ეს ყველაფერი სპექტაკლში. ამ თვალსაზრისით უნდა ვიფიქროთ, თუ არადა, ხელისუფლება ყოველთვის ძალიან მარტივად შეძლებს ასეთი სიტუაციებიდან გასვლას იმით, რომ დააკავებს ერთ ან ორ პოლიცილეს, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობდა.

მთელ მედიასივრცეს და ოპოზიციას ნათქვამი აქვს, რომ ეს არის სისტემური დანაშაული და ხელს აფარებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოვა, რომ რიგით პოლიციელს ხელს არ დააფარებენ და ის, რასაც ვამბობდით, არ დადასტურდა. პირიქით, საწინააღმდეგო დადასტურდა. ოპოზიცია ბევრად ფრთხილად უნდა იყოს, როდესაც ასეთი ტიპის ბრალდებებს აყენებს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელია დაკავებული.