იაგო ხვიჩია - როგორც ჩვენს მეგობარს შეეფერება, კარლ ჰარცელმა ორივე მხარეს უსაყვედურა, რაც გასათვალისწინებელია როგორც ოპოზიციის, ასევე უმეტესად ხელისუფლების მხრიდან
იაგო ხვიჩია - როგორც ჩვენს მეგობარს შეეფერება, კარლ ჰარცელმა ორივე მხარეს უსაყვედურა, რაც გასათვალისწინებელია როგორც ოპოზიციის, ასევე უმეტესად ხელისუფლების მხრიდან

როგორც ჩვენს მეგობარს შეეფერება, კარლ ჰარცელმა ორივე მხარეს საყვედური უთხრა, რაც გასათვალისწინებელია როგორც ოპოზიციის, ასევე უმეტესად ხელისუფლების მხრიდან, – განაცხადა პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგი ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის დღევანდელ განცხადებებს.

„ჩვენ უხერხულობას ვგრძნობდით მოლაპარაკების დამთავრებამდე ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ, რომელიც არ არის მიმართული მოლაპარაკების წარმატებით დასრულებისკენ. აქედან გამომდინარე, მესმის ელჩის კრიტიკა ზოგადად და კარგი იქნება, თუ ოპოზიცია ამას გაითვალისწინებს.

ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ, რომ კობახიძის განცხადებებისა და ამ კანონპროექტების შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდა შევიდა ჩიხში. ისევე, როგორც მერე არც ოპოზიციის ქმედებები არ იყო ხელშემწყობი. როგორც ჩვენს მეგობარს შეეფერება, ორივე მხარეს საყვედური უთხრა ბატონმა ელჩმა, რაც, როგორც ოპოზიციის მხრიდან არის გასათვალისწინებელი, ასევე უმეტესად არის გასათვალისწინებელი ხელისუფლების მიერ. ბოლო ესკალაცია, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, კობახიძის გამოსვლას უკავშირდებოდა, სადაც ის დაემუქრა „ნაციონალურ მოძრაობას“ რეგისტრაციის გაუქმებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, როგორც კარლ ჰარცელის დღევანდელი განცხადება, ისე ზოგადად ელჩების მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“.

„ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ბრძოლას ეწირება და ჭყლეტაში ყვება როგორც პატარა ოპოზიცია, ასევე ის საერთაშორისო ინსტიტუციები, რომლებიც ამ ქვეყანაში აქამდე სულ აგვარებდნენ პრობლემას. ახლა უბრალოდ „ნაცებს“ და „ქოცებს“ შორის ამ ბრძოლას, შევწირეთ ან უნდა შევწიროთ, ყოველ შემთხვევაში ამ გზაზე დგას პარლამენტი, რომელიც ასე თუ ისე, აქამდე მუშაობდა. ჩვენი მეგობრები მოგვიწოდებენ, რომ ეს არ ვქნათ, თანაბრად როგორც ოპოზიციას ასევე ხელისუფლებას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, პრობლემას იწვევს ის, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, პარლამენტში შევიდეს „კარგი ოპოზიცია“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“.

„ყველამ გულწრფელად ლაპარაკი უნდა დავიწყოთ მოლაპარაკების მაგიდაზე რაც დევს და რაც ხდება იმაზე. ამ წუთას შეზღუდული გვაქვს საინფორმაციო სივრცე იმით, რომ როგორც კი, ვინმე რამეს იტყვის, მაშინვე იწყება კუდიანებზე ნადირობა და იმის ძებნა, ვინ ძვრება პარლამენტში, ნაცვლად იმისა, რომ განვიხილოთ, თუ რა დევს მოლაპარაკების მაგიდასთან, რას გვთხოვენ ამდენი ხნის განმავლობაში ელჩები და არსებობს თუ არა გზა კონსენსუსისთვის. პრობლემას იწვევს ის, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა პარლამენტში შევიდეს კარგი ოპოზიცია და არა „ნაციონალური მოძრაობა“. ვიღაცას აქეთა მხრიდან უნდა, რომ არავინ არ შევიდეს პარლამენტში და არ შედგეს შეთანხმება. თუ შეთანხმება არ გინდა, მაშინ მიზეზი სულ გამოიძებნება ამისთვის, მაგრამ თუ შეთანხმება გინდა, სივრცე ლაპარაკისთვის არსებობს. უბრალოდ, ბოლო ერთ თვეში ისეთი გარემო შეიქმნა, რომ თუ ლაპარაკი და შეთანხმება გინდა, თითქოს ცუდი კაცი ხარ და თუ არ გინდა შეთანხმება და გინდა სხვა რამე, რომელიც ჯერ არავინ არ იცის, რა არის, რადგან ოპოზიციას ამაზე პასუხი არ აქვს, აპრიორი კარგი კაცი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ იცი, ორი ნაბიჯის იქით რა მოხდება. ეს უნდა შევცვალოთ, დანარჩენი მერე გამოჩნდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.