იაგო ხვიჩია - როგორც ჩანს, ხაზარაძე ძალიან ხელმოჭერილად ხარჯავს ფულს „ლელოს“ მიღმა, ასეთი სიწუწკით არაფერი გამოვა
იაგო ხვიჩია - როგორც ჩანს, ხაზარაძე ძალიან ხელმოჭერილად ხარჯავს ფულს „ლელოს“ მიღმა, ასეთი სიწუწკით არაფერი გამოვა

მთავარი კითხვა არის ის, „ნაცმოძრაობა“, რომელიც არჩევნებზე წითელი ხუთიანით გამოდის, არის თუ არა საერთოდ ოპოზიციური პარტია. ეჭვი მაქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ხელში აქვს ჩაგდებული, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„შესაბამისად, რაც იქ ხდება „ნაცების“ სახელით, ეს ყველაფერი „ქართული ოცნებიდან“ იმართება. ამას ვინმე თუ აპროტესტებს და ამბობს, რომ ნაღდი „ნაცი“ ვარ და სხვები მოისყიდესო, ჩემთვის ეს ლოგიკური არგუმენტი გასაგები იქნებოდა, რადგან ასეთი ეჭვები მეც მაქვს. თუ ამბობ, რომ „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციურია და ახალ ნეონაცურ გაერთიანებას ქმნი, რომელიც საარჩევნო ბარიერს ან გადალახავს, ან არა, ამას ვერ მივესალმები და „ნაცმოძრაობის“ ყველა ყოფილ ლიდერს მოვუწოდებდი, იმისთვის იბრძოლონ, რომ ეს პარტია ოპოზიციური იყოს და „ქართულ ოცნებას“ ხელში ნუ ჩაუგდებენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„გირჩის“ წევრმა „ლელოსა“ და პარტიაზე „საქართველოსთვისაც“ ისაუბრა.

„„ლელოს“ ერთადერთი სწორი გზაა ის, რომ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ფული გადაუხადოს და პოლიტიკიდან ღირსეულად გავიდეს. რაც შეეხება გახარიას, ჩემი საქმე არ არის, რა კამპანია ექნება, მაგრამ საკრებულოებში თანამშრომლობა ჰქონდათ და მაგ დროს ასეთი პროტესტი არ ყოფილა, რაც არათანმიმდევრულობაზე კითხვებს დამასმევინებს. მგონი, გახარიას პარტია უნიკალურია იმით, რომ მათთვის ნებისმიერ პარტიასთან თანამშრომლობა წითელი ხაზია და „ნაცებთან“ თანამშრომლობას გამორიცხავენ, მაგრამ რეგიონებში მათი თანამშრომლობა ვნახეთ. ხაზარაძემ თქვა, „შუა უნდა შეიკრიბოსო“ და შუა თავისთვის ხომ არ შეიკრიბება, თუ ფულს არ გადაუხდი? როგორც ჩანს, ხაზარაძე ძალიან ხელმოჭერილად ხარჯავს ფულს „ლელოს“ მიღმა და ასეთი სიწუწკით არაფერი გამოვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.