იაგო ხვიჩია - როდესაც არ აღიარებ შედეგებს და არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად იღებ საბიუჯეტო დაფინანსებას, ეს ბოიკოტთან შეუთავსებელია
იაგო ხვიჩია - როდესაც არ აღიარებ შედეგებს და არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად იღებ საბიუჯეტო დაფინანსებას, ეს ბოიკოტთან შეუთავსებელია

ჩვენმა ამომრჩეველმა იცის, რომ „გირჩი“ არასდროს აიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, ჩვენ თავიდანვე გვქონდა დაანონსებული ეს, გაცხადებული გვქონდა, რომ იმ დაფინანსებით გავათამაშებდით „ტესლებს“ და ასე დავუბრუნებდით გადამხდელებს წართმეულ ფულს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას აზრით, არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად დაფინანსების მიღება იმ ფონზე, როდესაც თავად არჩევნების შედეგებს პარტია არ აღიარებს, ბოიკოტთან შეუთავსებელია.

„საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, როდესაც ერთის მხრივ, არ აღიარებ გაყალბებული არჩევნების შედეგებს, ამ არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად იღებ საბიუჯეტო დაფინანსებას, ჩვენი აზრით, ეს ბოიკოტთან შეუთავსებელია. თუ ვაცხადებთ ბოიკოტს და არ შევდივართ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პარლამენტში, ჩვენთვის გასაგებია ერთადერთი რამ, რაში ვიღებთ ფულს. თუ საპარლამენტო მუშაობაში საპარლამენტო პარტიისთვის გამოყოფილ ფულს ვიღებთ მაშინ, როცა არ შევდივართ პარლამენტში ბოიკოტის გამო, ეს ჩვენთვის გაუგებარია. ჩვენ იმიტომ არ შევდივართ პარლამენტში, რომ მთელმა ოპოზიციამ ჩათვალა, არჩევნები არსებითად არის გაყალბებული, ისე გაყალბდა რომ პირველ ტურში ხელისუფლება ვერ დარჩებოდა ხელისუფლებაში. იმ არჩევნების შედეგად, რომლის გამოც არ შედიხარ პარლამენტში, მანდატებს არ აღიარებ და აღიარებ ამის მხოლოდ ერთ ნაწილს- საფინანსო დაფინანსებას, ჩვენ ეს არ მიგვაჩნია სწორად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბოიკოტი უნდა იყოს ბოიკოტი და პოლიტიკური პარტიები სრულად უნდა გაემიჯნონ ხელისუფლებას, თუ ისინი ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან. მათ შორის მე უფრო მეტის მომხრეც ვიყავი, რომ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენლები საკრებულოებში, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ჩემი აზრით, ამ რეალობაში აზრს კარგავს საკრებულოში მუშაობა „ქართულ ოცნებასთან“. ჩვენ რომ ვყოფილიყავით, ყველა ჩვენს წარმომადგენელს ასეთ რეჟიმში გამოვიხმობდით ყველა ორგანოდან და „ქართულ ოცნებას“ დავტოვებდით მარტო. ჩვენ ასე ვუყურებთ, ნამდვილი ბოიკოტის მომხრეები ვართ, თუ ბოიკოტს ვაკეთებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.