იაგო ხვიჩია - რიგგარეშე სესიის მიწვევას დიდი შინაარსი არ აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად სხდომის მოწვევა საკმარისი არ არის
რიგგარეშე სხდომის მოწვევას არ ვეწინააღმდეგები, უბრალოდ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად სხდომის მოწვევა საკმარისი არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, რიგგარეშე სესიის მიწვევას დიდი შინაარსი არ აქვს.
„რიგგარეშე სესიის მიწვევას დიდი შინაარსი არ აქვს. სხდომა რომ არ ჩავარდეს, ამისთვის საჭიროა, რეგისტრაცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიაროს. დიდი შანსია, ისინი სხდომაზე არ გამოცხადნენ, მსგავსი პრეცედენტი უკვე იყო. შესაბამისად, ეს „ქართული ოცნებისთვის“ გაკვალული გზაა. მეტ ყურადღებას მივაქცევდი იმას, რომ ამ სხდომაზე ოპოზიციას სათქმელი ჰქონდეს, რაღაცნარი ერთიანი პოზიცია, რაც ხალხისთვის გასაგები და დამაჯერებელი იქნება, მათ შორის კილეგებისთვის. ვიდრე ეს სამუშაო არ არის ჩატარებული, ამ დროს გამოსვლა და სხდომების მოთხოვნა პიარის ნაწილია. რიგგარეშე სხდომის მოწვევას არ ვეწინააღმდეგები, უბრალოდ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად სხდომის მოწვევა საკმარისი არ არის. კიდევ სხვა ქმედებებია საჭირო, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაარწმუნო. არ მგონია, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის რაიმე ტიპის კომუნიკაცია იყოს, რითაც ვინმე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ახლა მიიღებენ. როცა იცი, რომ ეს არ მოხდება და სხდომის ჩატარებას მაინც ითხოვ, ამას პოლიტიკური პიარისთვის აკეთებ. მასეთ რაღაცებში ჩვენს კოლეგებთან ერთად მონაწილეობა „გვიტყდება“. ზედმეტი შემხებლობა ჩვენს კოლეგებთან გვსვრის და არ გვინდა, გავისვაროთ. „ქართულ ოცნებასთან“ ზედმეტი შემხებლობაც მიქმნის დისკომფორტს.
ჩემი მიზანია, ადამიანებს გავაგებინო, რა კონცერტს დგამს ხელისუფლება და ოპოზიცია ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის „ქართული ოცნების“ სიმფონიური ორკესტრი, ერთად უკრავენ, დირიჟორი არ ჩანს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.