იაგო ხვიჩია - რეგიონებში მოძრაობას ისეთი პოზიციით აპირებენ, მეშინია, შარს არ გადაეყარონ მოსახლეობასთან, რომელი რიგგარეშე არჩევნების მიღწევა შეიძლება, როცა ლიდერი ციხეში გიზის და მის დასახსნელად ვერაფერს აკეთებ
რეგიონებში მოძრაობას ისეთი პოზიციით აპირებენ, რომ მეშინია, რამე შარს არ გადაეყარონ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.
ხვიჩიას თქმით, მისთვის გაუგებარია, რომელი რიგგარეშე არჩევნების მიღწევა შეიძლება მაშინ, როცა ლიდერი ციხეში ზის და მის დასახსნელად პარტია ვერაფერს აკეთებს.
როგორც ხვიჩია ამბობს, ცდილობს, გაიგოს, რა სურთ მის კოლეგებს.
„რეგიონებში მოძრაობას ისეთი პოზიციით აპირებენ, რომ მეშინია, რამე შარს არ გადაეყარონ მოსახლეობასთან და ამაზე ვნერვიულობ. ასეთი პოზიციით მოძრაობა სარისკოა, ხალხს უჭირს და სერიოზულ საკითხებზე ითხოვს პოლიტიკოსების ყურადღებას. ოპოზიციის ეს მოძრაობა არის უმიზნო, როცა ადამიანებს სერიოზულ თემებზე სალაპარაკოდ არ ხვდები და შენი პირადი მიზნები გაქვს. რომელი რიგგარეშე არჩევნების მიღწევა შეიძლება მაშინ, როცა ლიდერი ციხეში გიზის, მის დასახსნელად ვერაფერს აკეთებ და ამას რომ ვერ აკეთებ, ამისთვის ახალ-ახალ მიზეზებს იგონებ. ვცდილობ, გავიგო, ჩვენს კოლეგებს რა უნდათ. ვხვდები და სათითაოდ ვეკითხები, პოლიტიკაში რისთვის არიან. ფაქტობრივად არავინ ამბობს, რა უნდა. ასეთი უცნაური პოლიტიკური სპექტრი გვყავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.