იაგო ხვიჩია - ქვეყნის განვითარებაზე იდეა და ხედვა როცა არ გაქვს, ვერც მელია გიშველის, ვერც მუმლაძე და ჩალაძე
იაგო ხვიჩია - ქვეყნის განვითარებაზე იდეა და ხედვა როცა არ გაქვს, ვერც მელია გიშველის, ვერც მუმლაძე და ჩალაძე

იდეა როცა არ გაგაჩნია და არ გაქვს ხედვა, როგორ აპირებ ქვეყნის განვითარებას, ვერც ნიკა მელია, ვერც მუმლაძე და ვერც ჩალაძე ვერ გიშველის, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩიხშია და ამ ჩიხიდან გამოსვლა არ გამოვა, ვიდრე პარტია არ გაიაზრებს იმ შეცდომებს, რომელიც სულ თან ახლდა, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში.

„ამ ადამიანების გარჯაც ისეთივე ამაო იქნება, როგორც ნიკა მელიას გარჯა იყო ამაო მთელი ორი წლის განმავლობაში, რადგან არ ეფუძნებოდა არც ერთ პრინციპს და არც ერთ ღირებულებას და იყო მხოლოდ მიმდინარე მოვლენებით შთაგონებული, რამაც საბოლოო ჯამში „ნაციონალური მოძრაობა“ მიიყვანა ამ ჩიხამდე. ჩიხიდან გამოსვლაც არ გამოვა, ვიდრე არ გაიაზრებს იმ შეცდომებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ სულ თან ახლდა და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი შეფასებით, პარტიის შიგნით შიდაპოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს გავლენის მოსაპოვებლად.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა 500-ათასიანი ამომრჩევლის გაყოფისთვის. ბევრი ადამიანი, მათ შორის, სხვა პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაუწილდნენ ამ საქმეში. როგორ გამოვა ეს ბრძოლა და ვინ როგორი წარმატებით დაასრულებს ამ პროცესს, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ წუთას, ჯერ ვერ ვხედავ იდეების და ღირებულებების ბრძოლას „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჯერ არის შიდაპოლიტიკური ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად პარტიის შიგნით“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურების შესახებ გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემ განცხადებები გააკეთეს. როგორც ჩალაძე აღნიშნავს, მზად არის, პასუხისმგებლობა აიღოს და ერთგულ ამომრჩეველთან ერთად ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა, რომელიც დასრულდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით. მუმლაძემ კი განაცხადა, რომ „უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია და უმოქმედო მენეჯმენტი სრულად უნდა ჩამოსცილდნენ პარტიის მართვას“ და თავად აპირებს მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში.