იაგო ხვიჩია - „ნაცების“ ფასების კამპანიამ პირწმინდად დაამარცხა „ქოცების“ ლგბტ კამპანია და საჭირო გახდა ახალ-ახალი საჩხუბარი თემების შემოღება
იაგო ხვიჩია - „ნაცების“ ფასების კამპანიამ პირწმინდად დაამარცხა „ქოცების“ ლგბტ კამპანია და საჭირო გახდა ახალ-ახალი საჩხუბარი თემების შემოღება

კანონპროექტის დაინიცირება „ნაცების“ ტაქტიკის ცვლილებამ განაპირობა, ახლა „ქოცები“ „ნაცებს“ არიან აყოლილები, მუშაობის სტილით აქამდეც კი ჰგავდნენ, მაგრამ ახლა აყოლილები არიან იქიდან გამომდინარე, რომ „ნაცების“ ფასების კამპანიამ პირწმინდად დაამარცხა „ქოცების“ ლგბტ კამპანია და საჭირო გახდა ახალ-ახალი საჩხუბარი თემების შემოღება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი ოპოზიციამ არ უნდა გამოიყვანოს, ხოლო ქუჩაში თუ თავისით გამოვიდა, ოპოზიციას სრული უფლება აქვს, შეუერთდეს.

„საჩხუბარი მიზეზი აქამდე იყო ლგბტ კამპანიის ფარგლებში, მაგრამ „ნაცები“ არ აჰყვნენ და სიმშვიდე შეინარჩუნეს, „ქოცებს“ იქით დაგბრალდათ ლგბტ პროპაგანდისტობა და ახლა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოიწვიონ გაღიზიანება და ჩხუბში გადაიყვანონ წინასაარჩევნო კამპანია და ოღონდ საქმეზე ლაპარაკი არ მოუწიოთ, ამისთვის შემოიტანეს ეს კანონი. იმედი აქვთ, რომ ახლა ოპოზიცია ხალხს ქუჩაში გამოყვანას დაიწყებს, ეს პროცესი ჩაფლავდება და შემდეგ თვითონ გამარჯვებულები ეცდებიან, რომ არჩევნებზე გამარჯვებულის მენტალიტეტით გავიდნენ. ხალხი ოპოზიციამ არ უნდა გამოიყვანოს. ხალხი ქუჩაში თუ თავისით გამოვიდა, ოპოზიციას სრული უფლება აქვს, შეუერთდეს, მაგრამ, მგონი, რომან გოცირიძე ხალხს რომ ეპატიჟება, გარეთ გამოდითო, ეგ არის ხალხის დაშლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური „ქოცური“ გზა. როდის უთქვამს რომანს სიმართლე, რომ ახლა მის ნათქვამზე გამოვიდნენ? ხალხი თავისით გამოვა, თუ მიახვედრებ, რომ გამოსასვლელია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ოპოზიცია ხალხს უნდა ესაუბროს, რომ ქუჩაში 26 ოქტომბერს უნდა გამოვიდნენ.

„ხალხს უნდა ველაპარაკოთ, რომ გამოსასვლელია არჩევნებზე – 26 ოქტომბერს. ხალხს გამოსვლა მანამდეც თუ მოუნდება, შეგიძლია, შეუერთდეთ, მაგრამ ისინი არ უნდა შეაშინო. იმ ქვეყანაში, სადაც მსგავსი ტიპის კანონები არსებობს, არსებობს ლობიზმის თავისუფლება და ლობიზმის ლეგალურობა, მაგრამ ლობიზმის რეგულირების გარეშე ამ კანონმდებლობის შემოღების პირველი ეტაპი სიტყვა სიტყვით, ტერმინების დონეზე ხდებოდა რუსეთში და თვითონ პუტინი ხელმძღვანელობდა ამ პროცესს. ეს გაშვებულიც იყო სხვადასხვა ტელეეთერში, საზოგადოებას აქვს საშუალება, რომ ეს ყველაფერი ნახოს და სწორედ ამიტომ ეძახიან ამ კანონს მოფერებით „რუსულ კანონს“, თორემ, თუ მკითხავთ, ამ პარლამენტში მიღებული კანონების 80% რუსულია, იმიტომ, რომ აუარესებს ამ ქვეყანაში ადამიანთა თავისუფლების მდგომარეობას“, – განაცხადა ხვიჩიამ.