იაგო ხვიჩია - ქართველი ხალხი ბრძენია და საკუთარ პოლიტიკოსებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს, მაგრამ პოლიტიკოსები ყრუები აღმოჩნდნენ
იაგო ხვიჩია - ქართველი ხალხი ბრძენია და საკუთარ პოლიტიკოსებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს, მაგრამ პოლიტიკოსები ყრუები აღმოჩნდნენ

„ქართველი ხალხი არის ბრძენი და როცა სხვა გზა ვერ დაინახა, გარდა პარლამენტში შესვლისა, საკუთარ პოლიტიკოსებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს, მაგრამ პოლიტიკოსები ყრუები აღმოჩნდნენ და ქართველი ხალხის ხმა არ ესმით, – ასე ეხმაურება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „ენდიაის“ კვლევას.

„სწორედ ამას ვცდილობ, ამ სიყრუეს გავემიჯნო, რომ მომავალში თქვენთან მოსვლის და პირნათლად თქმის საშუალება მქონდეს, რომ მე ეს ყველაფერი თავიდანვე ვთქვი, რომ ასე არ შეიძლებოდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება „ენდიაის“ კვლევის პოლიტიკურ ნაწილს, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „გახარიას არაფერი გაუკეთებია, რომ მისი რეიტინგი გაზრდილიყო“.

„ქართულმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ  გახარიას რეიტინგი გაზრდილიყო, რადგან მასამისთვის არაფერი გაუკეთებია. ჩემი აზრით, ხალხი ჩვენი დაუფიქრებელი ქმედებებით ისეთი გაბრაზებულია, რომ ასე გვსჯიან. ახლა მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ მე არ ვიმსახურებ მაგ ცხრა პროცენტში ყოფნას, იქ ჩემს გარეშე დანარჩენი ოპოზიციური პარტიები დატოვონ. ჩვენ ცალკე ვართ და ამ ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაში ხდება და არ გვესმის, სიგიჟეს ვემიჯნებით“,- განაცხადა ხვიჩიამ.

„ენდიაის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში. ამასთან, „ენდიაის“ კვლევის თანახმად, გიორგი გახარიას საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 46 პროცენტი. ასევე, ენდიაის“ კვლევის თანახმად, პარტიების მხარდაჭერის ნაწილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მმართველ პარტიას აქვს. გამოკითხულთა 31 პროცენტი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, ხუთი პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 25 პროცენტი კი არც ერთ პარტიას. კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 25-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არც ერთი. პასუხზე უარი თქვა 24-მა პროცენტმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა ხუთმა პროცენტმა. არ იცის – ხუთმა პროცენტმა.

ასევე, „ენდიაის“ კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებს ასახელებს გამოკითხულთა ცხრა პროცენტი. კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებში შედიან „პატრიოტთა ალიანსი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“.