იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილება საშუალებაა, რომ მომავალში ადამიანებმა პარლამენტში შესვლა შეძლონ
ვფიქრობ, სწორი ნაბიჯია ამ არსებულ სიტუაციაში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. ცხადია, თუ გვინდა მოლაპარაკება და შეთანხმება. ეგეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბოლო პერიოდიდან გამომდინარე, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციონერებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, „გირჩს“ პირველივე დღიდან მოლაპარაკებაში უნდოდა ერთადერთი რამ, პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით.
„იმისთვის რომ მიზანს მივაღწიოთ, კონკრეტული რაოდენობის დეპუტატები გვჭირდება პარლამენტში და თუ მათ ჩაუხსნიდნენ უფლებამოსილებას ჩვენი მიზნის აღსრულება იქნებოდა შეუძლებელი. ამ შემთხვევაშიც ვიბრძოდით ჩვენი მიზნის მისაღწევად. დღევანდელი ამბავი არა საფუძველი, არამედ საშუალებაა, რომ მომავალში სხვადასხვა ადამიანებმა შეძლონ პარლამენტში შესვლა. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ პარლამენტში შესვლის მომხრე ვიყავით შესაბამისი პირობებით. ჩვენ ახლა „ოცნებასთანაც“ დავიწყებთ სიარულს, რადგან ჩვენგან ის ნაბიჯი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა, რაღაცნაირად მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილის მანიშნებელია. შესაბამისად, ჩვენ ისევე როგორც დავდიოდით ოპოზიციასთან, რომ მიგვეღო მათი მხარდაჭერა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია, ზუსტად იგივენაირად ვეცდებით „ქართული ოცნებისგანაც“. აქამდე „ქართული ოცნება“ წინააღმდეგი იყო იმის, რაც მე მინდოდა. თუ ჩვენ შევთანხმდებით, შევთანხმდებით იმაზე, რაც ჩვენ გვინდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მასეთი შეთანხმებით შეიარაღებულებმა ვიაროთ ოპოზიციონერებთან და მოგვეცეს დრო, რომ დავარწმუნოთ ისინი, პარლამენტში შესვლაზე“,- განაცხადა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, არავის უფლება არ ირღვევა იმით, რომ დღეს მანდატი არ გაუუქმდა.
„ქართული ოცნება“ სწორად მოიქცა და დღეს მადლობა მოვუხადე კონსტრუქციული ქცევისთვის. ეს კონსტიტუციის დარღვევა ნამდვილად არ არის, რა შუაშია კონსტიტუცია. საუბარია ვადებზე და ამას აქვს თავისი პროცედურები. ახლა თუ მეტყვით, რომ ოპოზიციის პარლამენტის წევრები იტანჯებიან იმით, რომ ძალით მუშაობენ, მაგაზე სერიოზულად ვერაფერს გეტყვით. არავის უფლება არ ირღევა იმით, რომ პარლამენტის საბუთი არ გააუქმეს“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.