იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ გათამამებულია და თავს უფლებას აძლევს, ცუდად მოიქცეს
იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ გათამამებულია და თავს უფლებას აძლევს, ცუდად მოიქცეს

„ქართული ოცნება“ გათამამებულია არჩევნების შემდეგ და საკუთარ თავს ცუდად მოქცევის უფლებას აძლევს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებზე, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო ბარიერს შეეხებოდა.

„მივხვდით, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულად ამ თემაზე არ ლაპარაკობს. უბრალოდ, როგორც ბავშვები ერთმანეთს ეჭყანებიან, ზუსტად ასე ეჭყანება ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ არანაირ დისკუსიაში ამ თვალსაზრისით არ შევიდეთ და მოვემზადოთ 5%-იანი ბარიერისთვის შემდეგ არჩევნებზე. მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით. მოგეხსენებათ, უბრალოდ, ამან იმდენად არასერიოზული ელფერი მიიღო, რომ „გვიტყდება“ ამ პროცესში მონაწილეობა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, თუ რა იქნება მიზანშეწონილი. მისივე თქმით, ის, თუ 2024 წლის არჩევნებისთვის რამდენპროცენტიანი ბარიერის დაწესება იქნება მიზანშეწონილი, გამოჩნდება 2024 წლის წინა პერიოდში.

„5%-იანი ბარიერი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. პირადად მე, ყველაზე მეტად 5%-იანი ბარიერი მომწონს და უმრავლესობასაც მაშინ ყველაზე მეტად მოეწონა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, მაგრამ ჩვენ ვთქვით და ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ თუ დავინახავთ, რომ 2024 წლისთვის უფრო დაბალი ბარიერი მოგვცემს უკეთეს პოლიტიკურ მოცემულობას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ამაზე ძალიან სერიოზულად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.