იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებდი, პარტიიდან ყველა წავიდეს, სიმართლე ილაპარაკონ და შემდეგ ისევ „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდნენ
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებდი, პარტიიდან ყველა წავიდეს, სიმართლე ილაპარაკონ და შემდეგ ისევ „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდნენ

„ქართული ოცნებიდან“ წასვლის ისეთი არგუმენტი ითქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებდი, პარტიიდან ყველა წავიდეს, სიმართლე ილაპარაკონ და შემდეგ ისევ „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია გამოეხმაურა სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებას.

„ეს სამი დეპუტატი რაიმეს რომ იტყვის, „ქართული ოცნების“ ნათქვამი არ იქნება? – მგონი, პარტიის შიგნით ისეთი გარემოა შექმნილი, რომ სიმართლის ლაპარაკი არ არის მიზანშეწონილი, ხალხი გარეთ გადის, სიმართლეს ამბობენ და ბრუნდებიან. ალბათ, ეს ადამიანები არაფორმალურ მმართველობაზე დაიწყებენ საჯაროდ საუბარს. ველოდები, რომ ეს სამეული მთელ დასავლეთს ფარდას ახდის და ქართველ ხალხს აჩვენებენ, რა ბოროტება იმალება ფარდის უკან. ხუნდაძეს, სუბარს და ყაველაშვილს მოვუსმინოთ და მეტს გავიგებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს, თუმცა პარლამენტში დეპუტატის მანდატებს ინარჩუნებენ. „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თანაგუნდელებთან ღირებულებითი კონფლიქტი არ აქვთ, მაგრამ, უმრავლესობისგან განსხვავებით, მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის რისკებთან დაკავშირებით, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.

დატოვე კომენტარი