იაგო ხვიჩია -  პუტინის დაკავების ორდერის გაცემა მიმართულია მისი მეგობრებისკენ, ვინმეს თუ არ ესმოდა, საერთაშორისო სასამართლომ გასაგებად უთხრა, რომ კრიმინალთან ექნებათ საქმე
იაგო ხვიჩია - პუტინის დაკავების ორდერის გაცემა მიმართულია მისი მეგობრებისკენ, ვინმეს თუ არ ესმოდა, საერთაშორისო სასამართლომ გასაგებად უთხრა, რომ კრიმინალთან ექნებათ საქმე

გადაწყვეტილება სინამდვილეში მიმართულია პუტინის მეგობრებისკენ და იმ ხალხისკენ, ვინც მასთან დამეგობრებას აპირებს, – ასე აფასებს „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას.

ხვიჩიას განცხადებით, მთელი სამყარო უფლებამოსილი იქნება, პუტინის მეგობრებს მოეპყრონ ისე, როგორც თანამზრახველებს.

ამასთან, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ეს მძლავრი პოლიტიკური მესიჯია რუსეთის მოსახლეობისთვისაც.

„გადაწყვეტილება სინამდვილეში მიმართულია პუტინის მეგობრებისკენ და იმ ხალხისკენ, ვინც მასთან დამეგობრებას აპირებს, რადგან აქამდე ვინმეს თუ არ ესმოდა, საერთაშორისო სასამართლომ გასაგებად უთხრა, რომ მათ კრიმინალთან ექნებათ საქმე. მთელი სამყარო იქნება უფლებამოსილი, პუტინის მეგობრებს მოეპყრონ ისე, როგორც თანამზრახველებს და არა როგორც პოლიტიკოსებს. ამიტომ არის, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი ეს ნაწილი. თავისთავად ცხადია, რომ მძლავრი პოლიტიკური მესიჯია, მათ შორის, რუსეთის მოსახლეობისთვისაც, თუ, რასაკვირველია, ამ საზოგადოებას ჯერ კიდევ აქვს რაიმეს ცვლილების ძალა ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება კითხვას, რა შეფასება ექნებათ ხელისუფლების წარმომადგენლებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „რა შეფასებაც არ უნდა ჰქონდეთ, ძალიან საინტერესო იქნება“.

„სკანდალური რუსული კანონის პერიპეტიების შემდეგ ნებისმიერი მათი პოზიცია ინება საინტერესო და საყურადღებო მთელი მოსახლეობისთვის. ამიტომ, ეტყობა, მოფიქრების პროცესში არიან, რომ კარგად მოიფიქრონ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.