იაგო ხვიჩია - პროკურატურის განცხადებით დადასტურდა, რომ 2011 წელს საქართველოში ფარული მიყურადების მეთოდი არსებობდა
იაგო ხვიჩია - პროკურატურის განცხადებით დადასტურდა, რომ 2011 წელს საქართველოში ფარული მიყურადების მეთოდი არსებობდა

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, პროკურატურის განცხადებით დადასტურდა, რომ 2011 წელს საქართველოში ფარული მიყურადების მეთოდი არსებობდა. მისი თქმით, ეს ყურადსაღები გარემოებაა.

„პროკურატურის ამ განცხადებაში ობიექტურად საინტერესოა ის გარემოება, რომ 2011-2012 წლებში ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ბატონ ბერა ივანიშვილს და ბატონ ანზორ ჩუბინიძეს უსმენდნენ, როდესაც გინდა, რომ ადამიანზე კომპრომატი იპოვო, მის ტელეფონს მოუსმინო და მერე ეს გამოიყენო მისი პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის.  ეს მეთოდი, რომელიც ამ ქვეყანაში სამწუხაროდ ტრადიციულია, დადასტურდა, კარგი შემთხვევაა. გასაგებია, რომ ეს ყურადსაღები გარემოებაა.

მე შემიძლია ჩვენს წინააღმდეგაც გითხრათ მსგავსი შემთხვევა. 2018 წელს, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის ფესტივალზე პროკურატურამ უკვე „ქართული ოცნების“ პირობებში „გირჩის“ ყველა ლიდერის მიმართ საქმე აღძრა. ჩვენ ეს არ ვიცოდით და წელიწად-ნახევრის მერე თქვეს, რომ თქვენი ტელეფონის მოსმენა ახალა შევწყვიტეთო. გვისმენდნენ მე, ზურა ჯაფარიძეს თუ არ ვცდები და ვახო მეგრელიშვილის მეუღლეს შეცდომით. ეს ტრადიცია, რომელიც საქართველოში თურმე ყოფილა 2011 წელს და უკვე დაადასტურა პროკურატურამ, მის მერეც გაგრძელდა. ობიექტურად ეს პრობლემას წარმოადგენს.

რაც შეეხება გამოქვეყნებული ჩანაწერების შინაარსს, რომლის მონაწილეების საუბარს თითქოს რაღაცნაირი გამართლებასავით მოუძებნა პროკურატურამ, რომ მინისტრების ნაცვლად „მილისტებზე“ საუბრობდნენო. მე არ ვიცი უტილიტარიზმის თეორიაში ასე გაწაფულები თუ არიან „ქართული ოცნების“ წევრები, მაგრამ მე მგონი პროკურატურის განცხადების ეს ნაწილი ზედმეტი იყო, მან სხვა ნაწილს, რომელიც ბევრად სერიოზულია, რაღაცნაირი ელფერი შესძინა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის ფარულ სატელეფონო ჩანაწერებზე.

დატოვე კომენტარი