იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ფორმით არსებობა აწყობს „ქართულ ოცნებას“, რამის შესაცვლელად, „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაშლის შესახებ უნდა გამოაცხადოს
იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ფორმით არსებობა აწყობს „ქართულ ოცნებას“, რამის შესაცვლელად, „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაშლის შესახებ უნდა გამოაცხადოს

„ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად შეუძლია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გარდატეხის და ცვლილების შეტანა, ოღონდ ამისთვის აქციების გზა საკმარისი არ არის. იმისთვის, რომ რამე შეიცვალოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჯაროდ უნდა გამოაცხადოს საკუთარი პარტიის დაშლის შესახებ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა ისეთი ფორმით, როგორიც დღეს არის, ყველაზე მეტად აწყობს „ქართულ ოცნებას“ და თვალისჩინივით უფრთხილდება.

„მუხტი შეიძლება, ქვეყანაში არსებობდეს, მაგრამ საჭიროა იდეა იმის შესახებ, როგორი იქნება საქართველო ქუჩაში გამოსულ მომიტინგეთა წარმატების შემთხვევაში. ამ კითხვაზე პასუხი თუ არ არსებობს, 200 000 კი არა, 2 000 კაცსაც გაუჭირდება თავისი ნებით გამოსვლა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად შეუძლია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გარდატეხისა და ცვლილების შეტანა, ოღონდ ამისთვის აქციების გზა საკმარისი არ არის. ეს გზა გამოვცადეთ და ვნახეთ, რომ არაფერი იცვლება. იმისთვის, რომ რამე შეიცვალოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჯაროდ უნდა გამოაცხადოს საკუთარი პარტიის დაშლის შესახებ. როგორც კი ეს მოხდება, პოლიტიკური სპექტრი გინდა არ გინდა, შეიცვლება. ცვლილება გამოწვეული იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და ეს იქნება პოზიტიური ცვლილება.

თვალი დახუჭეთ, წარმოიდგინეთ, რომ „ნაცმოძრაობა“ არ არსებობს და „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ვერ იყენებს მის მთავარ იარაღს –  დაშინებას „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით. „ნაცმოძრაობის“ გაქრობა გამოიწვევს „ქართული ოცნების“ თამაშს ანუ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ქაოსს, ხოლო ქაოსი არის დრო, როცა ყველას აქვს შანსი, რადგან არავინ იცის, რა მოხდება. რთულია, ეგეთი საფრთხობელას პოვნა, ამაზე ბევრი ინვესტიციაა. „ნაცმოძრაობა“, როგორც საფრთხობელა – ამ პროექტზე ძალიან ბევრი ნამუშევარია. ეს რომ ჩამოიშლება, ერთ დღეში არ ხდება ასეთი მტრის ხატების შედგენა და თუ გვინდა „ოცნების“ განიარაღება, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაიშალოს. „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა ისეთი ფორმით, როგორიც დღეს არის, ყველაზე მეტად აწყობს „ქართულ ოცნებას“ და თვალისჩინივით უფრთხილდება. ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა და მეორე, სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაყვანა – ეს ორი ფაბულა ერთმანეთს ძალიან უხდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ უკრაინაში ვიზიტზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ისინი საპარლამენტო ვიზიტშიც მიიღებდნენ მონაწილეობას.

„ვერავის ვერავისთან შეხვედრას, ურთიერთობას და საუბარს ვერ დავუშლი. შემიძლია, გავაკრიტიკო ჩემი კოლეგები იმაზე, რომ როდესაც ერთობლივი ვიზიტი მიდიოდა, მაშინაც მიეღოთ მონაწილეობა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.