იაგო ხვიჩია - ალბათ ყველასთვის ცხადი გახდა კატა-თაგვობანას შინაარსი, რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება და გარე დამკვირვებელი ხვდება, რომ საგიჟეთი, რომელიც პოლიტიკოსებმა მოაწყვეს, რეალურ საფუძვლებზე არ დგას
„გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსების მიერ ერთმანეთთან სათანადო კომუნიკაცია არ არის.
ხვიჩიას შეფასებით, შეთანხმების მისაღწევად, პოლიტიკური სპექტრის მხრიდან შესაბამისი მოქმედებაა საჭირო.
ამასთან, იაგო ხვიჩიას განმარტებით, „მაშინაც კი, როცა მიმდინარეობს დავა არჩევნების გაყალბებაზე, გამოუვალი სიტუაცია, რომელიც მხარეებმა შექმნეს, ძალიან არაბუნებრივია ნებისმიერი ცივილური ადამიანისთვის“.
„რასაც ვუყურებ, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, პოლიტიკოსების მიერ არ არის ერთმანეთთან სათანადო კომუნიკაცია. მე არ ვიცი, სად მიმდინარეობს პოლიტიკური თამაში, რომელმაც ჩვენ შეთანხმებასთან უნდა მიგვიყვანოს, მაგრამ რომ დასხდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან და ჰკითხავენ, აბა, რაზე შეთანხმდითო, ვფიქრობ, ხელისუფლებასაც და ოპოზიციას მოუნდებათ, რამე სათქმელი ჰქონდეთ, რადგან ალბათ ყველასთვის ცხადი გახდა კატა-თაგვობანას შინაარსი, რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება. გარე დამკვირვებელი ხვდება, რომ ის საგიჟეთი, რომელიც ქართველმა პოლიტიკოსებმა მოაწყვეს, რეალურ საფუძვლებზე არ დგას. მაშინაც კი, თუ ჩვენ ვდავობთ, რომ არჩევნები ერთი პროცენტით, თუ სამით გაყალბდა, ამბავი, რომელიც მოწყობილია და გამოუვალი სიტუაცია, რომელიც მხარეებმა შექმნეს, ძალიან არაბუნებრივია ნებისმიერი ცივილური ადამიანისთვის.
გუშინ ჩვენი საქციელის გამო, არაევროპელობაში დაგვდეს ბრალი და იმედი გამოთქვეს, რომ ევროპელებივით მოვიქცევით. თქვენ თუ დააკვირდებით, ყველაფერი, რაც ხდება, არის ის, რასაც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ ეს მოხდებოდა, თუ რამეს არ გავაკეთებთ. არაფერი თავისით არ შეთანხმდება, ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ. არ ვარ დარწმუნებული, ქართული პოლიტიკური სპექტრი ამისთვის სათანადოდ ბევრს ვაკეთებთ, თუ არა, პირიქით, უფრო სკეპტიკური ვარ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.