იაგო ხვიჩია - პოლიტიკაში არასამთავრობო სექტორის ჩართვა სამარცხვინო საქციელი რომ იყოს, „ქართული ოცნების“ დეპუტატთა და პოლიტიკოსთა დიდ ნაწილს თავი არ გამოეყოფა გარეთ, მაგრამ ასე ხომ არ ვუყურებთ
იაგო ხვიჩია - პოლიტიკაში არასამთავრობო სექტორის ჩართვა სამარცხვინო საქციელი რომ იყოს, „ქართული ოცნების“ დეპუტატთა და პოლიტიკოსთა დიდ ნაწილს თავი არ გამოეყოფა გარეთ, მაგრამ ასე ხომ არ ვუყურებთ

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის შარზე ყოფნა.

როგორც იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკოსები ერთად უნდა დასხდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ.

„ჩვენ გასაგებად გვითხრეს, რომ არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკოსები ერთად უნდა დავსხდეთ და ისე მივაღწიოთ რაღაც შეთანხმებას. გუშინ ამერიკის საელჩომ თქვა, რომ პროცესში მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „სამართლიანი არჩევნების“ ჩართვა. ამის არგაკეთება არის შეგნებული პროცესი, რომ ისედაც ბუტაფორიული პროცესი უფრო მეტად ბუტაფორიულად იქცეს, რადგან შეთანხმება არავის უნდა და პირველ რიგში, ხელისუფლებას. პოლიტიკაში არასამთავრობო სექტორის ჩართვა სამარცხვინო საქციელი რომ იყოს, „ქართული ოცნების“ დეპუტატთა და პოლიტიკოსთა დიდ ნაწილს მაშინ თავი არ გამოეყოფა გარეთ, რადგან არასამთავრობო სექტორიდან პოლიტიკაში მოვიდნენ, მაგრამ ასე ხომ არ ვუყურებთ? თუ საკუთარ თავს არ ვუყურებთ, მაშინ სხვას რატომ ვუყურებთ? „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის შარზე ყოფნა და ეს მიზეზი რომ არ ჰქონოდათ, სხვა მიზეზს მოძებნიდნენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა 18 აგვისტოს დაიწყო მუშაობა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ მაშინ განაცხადა: „პლატფორმის ჯგუფს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ამ პროცესში ჩართულობა არის სრულიად მიუღებელი, მათი მხრიდან მაინც მოხდა ამ ორგანიზაციის წარმოდგენა. მივიღეთ გადაწყვეტილება, „სამართლიანი არჩევნები“ არ მოვიწვიეთ ამ სხდომაზე. ამას აქვს თავისი საფუძველი, რადგან პროცესში ჩართული ორგანიზაციები უნდა ინარჩუნებდნენ ნეიტრალიტეტს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა“.

ამასთან, „სამართლიან არჩევნებში“ აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია 27 წლის განმავლობაში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს და „პროცესს აზიანებს, როდესაც პროფესიული ორგანიზაცია განსხვავებული მოსაზრების გამო იბლოკება“.