იაგო ხვიჩია - პაკ-ი ოპოზიციური ამბავი თუ არის, ოპოზიციური სპექტრი ერთად უნდა საუბრობდეს, ამაში არათუ მონაწილეობას მივიღებთ, მზად ვართ, ვახო მეგრელიშვილის კანდიდატურა შევთავაზოთ
იაგო ხვიჩია - პაკ-ი ოპოზიციური ამბავი თუ არის, ოპოზიციური სპექტრი ერთად უნდა საუბრობდეს, ამაში არათუ მონაწილეობას მივიღებთ, მზად ვართ, ვახო მეგრელიშვილის კანდიდატურა შევთავაზოთ

პაკ-ი ოპოზიციური ამბავი თუ არის, ოპოზიციური სპექტრი ერთად უნდა საუბრობდეს, რისი გაკეთება უნდათ. ამაში არათუ მონაწილეობას მივიღებთ, მზად ვართ, ვახო მეგრელიშვილის კანდიდატურაც კი შევთავაზოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, „ნაცმოძრაობაში“ გუნდის შემადგენლობა პარტიის დონეს არ შეესაბამება და ახალი ხალხის შეყვანა რაციონალური იქნებოდა.

„ნაცმოძრაობას“ იდეები რომ აკლია, შეუძლებელია, ამას მიხეილ სააკაშვილი ვერ ხედავდეს. პაკ-ის დანიშნულება თავიდან სხვანაირად გავიგე და განმიმარტეს, რომ ეს შიდა „ნაცური“ სუპერ პაკიაო. ოპოზიციური ამბავი თუ არის, მაშინ ოპოზიციური სპექტრი უნდა ჯდებოდეს და ერთად საუბრობდნენ, რისი გაკეთება უნდათ და ხალხს რას ჰპირდებიან. ამაში არათუ მონაწილეობას მივიღებთ, არამედ მზად ვართ, ვახო მეგრელიშვილის კანდიდატურაც კი შევთავაზოთ.

თქვენ ამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილს გუნდი არ უვარგა და რა გუნდიც ჰყავს, იმ გუნდით უნდა ითამაშოს. არ არის გამორიცხული, ადამიანი ახალ სისხლს ასე ეძებდეს. „ნაცმოძრაობაში“ გუნდის შემადგენლობა პარტიის დონეს არ შეესაბამება და რაციონალური იქნებოდა, სააკაშვილი ფიქრობდეს კარის გახსნას და ახალი ხალხის შეყვანას. არ მჯერა, რომ სააკაშვილმა ამხელა ბუმბერაზი იდეა ხაბეიშვილის მოსაშორებლად წარმოადგინა, უფრო ნაკლები ძალისხმევით შეეძლო, ეთხოვა და ხაბე ის ბიჭი არ არის, რომ სააკაშვილს უარი უთხრას“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ ოპოზიციას სთავაზობს, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი. „პირველ ეტაპზე იქნება პაკ-ი, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, რომელშიც 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში ამის თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.