იაგო ხვიჩია - ორივე მხარის მიერ ისეთი განცხადებები კეთდება, რომლებიც ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს კარგს არაფერს შემატებს 
იაგო ხვიჩია - ორივე მხარის მიერ ისეთი განცხადებები კეთდება, რომლებიც ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს კარგს არაფერს შემატებს 

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ზოგადად, ქართული და უკრაინული მხარის მიერ ისეთი სახის განცხადებები კეთდება, რომლებიც ორ ქვეყანას შირის ურთიერთობებს კარგს არაფერს შემატებს.

იაგო ხვიჩიას კითხვა დაუსვეს ერთ-ერთი მედიის ეთერში უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლება უკრაინას არ დაეხმარა და იარაღი არ გაუგზავნა.

„ზოგადად, ქართულ-უკრაინული ურთიერთობა არაფერში წერია, რაც ახლა მიმდინარეობს. ჩემი აზრით, ორივე მხრიდან კეთდება განცხადებები, რომლებიც ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს კარგს არაფერს შემატებს. ამასთან დაკავშირებით პოზიცია ბევრჯერ გამოგვიხატავს, ბევრჯერ გაგვიკრიტიკებია საქართველოს ხელისუფლება.

არასდროს მითქვამს, რომ არაფერი გაგვიკეთებია. ჰუმანიტარულ ნაწილში დახმარება გავუწიეთ. საქართველოს ხელისუფლებას არასაკმარისი დახმარების გამო ვაკრიტიკებდით. რაც შეეხება ომში ჩართვას, ჩვენი მიზანი ომში ჩართვა კი არა, თანამედროვე დასავლური სტანდარტის შეიარაღებისა და მხარდაჭერის მიღება უნდა ყოფილიყო იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთს საქართველოში აგრესიის განხორციელება მოუნდება. დაზღვეული უკრაინა არ იყო, არც არავინაა დაზღვეული. მით უმეტეს, ჩვენ, რომლებსაც 2008 წლის გამოცდილება გვაქვს, როგორ შეიძლება, ვიყოთ დაზღვეული. არ ვიცი, ამის საფასური რა იქნებოდა და არ მჯერა, რომ საფასური იყო ომში ჩართვა, იქიდან გამომდინარე, რომ სამყაროს არცერთი სხვა ქვეყანა ომში ჩართული არაა. ამერიკას ჩვენზე ახლო მოკავშირეები ჰყავს, თუ უნდოდა, ვინმეს ჩართავდა ომში, ისინი მოახერხებდნენ. ვინაიდან სხვა ქვეყანა აქამდე არ ყოფილა ჩართული, არ მგონია, რომ ჩვენ ვინმე ომში ჩართვას გვთხოვდა.

საკითხზე, უკრაინის დახმარების სანაცვლოდ, შეიძლებოდა თუ არა, მიგვეღო თანამედროვე დასავლური ტიპის შეიარაღება და ვინმეს აეღო გარანტია, რომ ჩვენც გვექნებოდა ისეთი ტიპის შეიარაღება, როგორც აწვდიან სხვადასხვა დასავლურ ქვეყანას უკრაინის დახმარების სანაცვლოდ, ამაზე საპასუხოდ კი-ს ან უარის გაცემა არ შეიძლება. ნაცვლად იმ სანტა ბარბარასი, რაც ქვეყანაში გაიმართა, ასეთ თემებზე უნდა გვქონოდა დისკუსია. ყველაფრის ფასად არ უნდა დავკარგოთ დასავლეთის მხარდაჭერა და დასავლური პერსპექტივა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.