იაგო ხვიჩია - ოპოზიციონერებს ერთმანეთი იმდენად არ მოსწონთ, ერთმანეთში ვერ ლაპარაკობენ, პრაიმერიზი იმიტომ გვჭირდება, რომ მოლაპარაკებით ვერ ვწყვეტთ, რადგან თავი ყველას იმაზე მეტი წარმოუდგენია, ვიდრეა
სამი პოლიტიკური ლიდერი რომ ერთმანეთთან გაერთიანდა, ან ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა, გაერთიანდა თუ არა, ამან რატომ უნდა აგავსოს მოლოდინებით, არ მესმის, – ასე უპასუხა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რატომ გამოიწვია სკეპტიციზმი ოპოზიციის ახალი გაერთიანების იდეამ.
„რამე ახალი იდეა ხომ არ თქმულა ისეთი, რომელზედაც თუნდაც, ვინმე შეთანხმდა და გადაწყვიტა, ახლა, ხალხო, იცოდეთ, რომ ჩვენ ამ იდეით ვმოძრაობთ და ჩვენთან თუ გინდათ ურთიერთობა, ჩვენ ამ ჩვენი იდეების დაცვით ვიურთიერთებთ ყველასთანო? ასეთი რამ არ თქმულა და მგონი, ამ ხალხს ყველა იცნობდა; ახალი არავინ შემოსულა, ცალ-ცალკე დიდი მოლოდინები ამ ხალხის მიმართ არ არსებობდა და მათ ერთად დაწყვილებაზეც, რომ გითხრათ, რომ დიდი მოლოდინები უნდა ყოფილიყო, მე არ ველოდებოდი ასე“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, როდესაც საუბარია იმაზე, რომ პრაიმერიზი ოპოზიციურ ამომრჩეველში ჩატარდეს, იქ არ უნდა იყოს საუბარი მათ მოსაწონ, ან ვიღაცის მოსაწონ ოპოზიციონერზე.
„ოპოზიციონერებს რომ ერთმანეთი არ მოსწონთ, ეს ხომ გასაგებია? პრობლემაც ეს არის, რომ ერთმანეთი იმდენად არ მოსწონთ, ერთმანეთში ვერ ლაპარაკობს ეს ხალხი. ამ იდეას რამე ღირებულება თუ გააჩნია, გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ მან იმუშაოს ისეთ ადამიანებში, რომლებიც ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და პრობლემა ამიტომ არის წარმოშობილი. პრაიმერიზი და არჩევნები, ხალხის დახმარება იმიტომ გვჭირდება, რომ მოლაპარაკებით ვერ ვწყვეტთ, რადგან თავი ყველას იმაზე მეტი წარმოუდგენია, ვიდრე არის. ამ იდეის შინაარსი არის ის, რომ მოდი, ხალხმა თქვას, ვინ ვინ არის და ამის შესაბამისად ვილაპარაკოთ. არჩევნები არ გვაქვს, ძველი არჩევნების შედეგებზე დაყრდნობა ახლა უბრალოდ სიგიჟეა, რადგან სრულიად შეცვლილია მთელი პოლიტიკური ლანდშაფტი, ოპოზიციის შიგნით კრიზისია და ამ პროცესში ვნახოთ, ოპოზიციაში ვის რა წონა აქვს, შეიძლება, რაღაც ღირებულება ჰქონდეს, მაგრამ შენ თუ ამას დაამატებ, რომ მე ვიღაც არ მინდა, რომ მონაწილეობდეს, ან იტყვი, რომ მე ამ ხალხთან ერთად არ მივიღებ მონაწილეობას, ეს რა არის?“, – განაცხადა ხვიჩიამ.
იაგო
ხვიჩიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ, ოპოზიცია პარლამენტში გამბედაობით და მორალური
უპირატესობით, ან თანაბარი მორალური მდგომარეობით უნდა შესულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად ფაქტობრივად, ძალით
დაიავადმყოფა თავი და პარლამენტში ძალით, გალახული შევიდა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ახლა რა არის იმ მთავარი პირობა, რაც „გირჩს“ ამ ახალი ოპოზიციური გაერთიანების იდეის გარშემო კონსულტაციებში ჩართავს, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „გირჩს“ ოპოზიციურ კონსულტაციებში ჩართვა ნაკლებად აინტერესებს.
„ჩვენ გვაინტერესებს, გავარკვიოთ, ოპოზიციაში ვინ ვინ არის. მათ შორის, საკუთარი თავი დავინახოთ ამ პრიზმაში, ჩვენ სად ვართ და რა ადგილი გვიჭირავს ახლა. მოდით, შევამოწმოთ ყველა პოლიტიკური ლიდერი, თუ ასეთ გზას ვიპოვით, რომ კითხვები ნაკლები დარჩეს; შევამოწმოთ ყველა პოლიტიკური ლიდერი, ვის რა წონა აქვს ახლა საზოგადოებაში. იმიტომ, რომ პოლიტიკური საზოგადოება იცვლება, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის ფაქტორიდან გამომდინარე“, – განაცხადა ხვიჩიამ.
შეკითხვაზე, ხომ შეიძლება, ეს პრაიმერიზის გზითაც შემოწმდეს, როგორც ამას ვაშაძე აცხადებს, რომ ყველა გაერთიანდეს და პრაიმერიზი ჩაატარონ, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, ამის შემოწმება პრაიმერიზითაც შეიძლება, მაგრამ ვაშაძის შეთავაზება გამართული არ არის.
„პრაიმერიზი მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ხომ არ უნდა იყოს? თუ ასე უნდა იყოს, ამას „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემ გარეშეც გააკეთებს. ვაშაძე გვთავაზობს, ყველა გავერთიანდეთო, მაგრამ თან, ყველა არაო. ჩემი აზრით, ეს არ არის გამართული. იმიტომ, რომ ვაშაძის მიმართ „ნაცმოძრაობის“ ბრალდებაა, შენ გინდა, ჩვენი ხმებით ისარგებლო, ჩვენ შეგვეწილო და შენ შეხვიდე პარლამენტში უფრო დაუმსახურებლად, ჩვენ ხარჯზეო. პრეტენზია ეს არის და შენ თუ ამბობ, მარტო ჩვენ და „ნაცები“ ვაკეთებთო, რა გამოდის? შენ ხომ სინამდვილეში, მართლა ეს გამოგდის, რომ ამბობ, ყოფილ „ნაცებს“ შორის ვაკეთებ ამ რაღაცასო?!“, – განაცხადა ხვიჩიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჰქონდათ თუ არა პრაიმერიზის ჩატარების ინიციატორებს „გირჩთან“ კომუნიკაციის მცდელობა, რათა ამ იდეის გარშემო ემსჯელათ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „გირჩთან“ კომუნიკაციისგან თავის დაცვის მცდელობები უფრო არის ხოლმე, ვიდრე კომუნიკაციის მცდელობა.