იაგო ხვიჩია - ოპოზიცია სრულად უნდა შემოვიდეს პარლამენტში, ბუბა კიკაბიძესაც კი უნდა ვთხოვოთ, მობრძანდეს და დაგვეხმაროს, რომ „ქართული ოცნების“ თავხედობა გასაგები იყოს მოსახლეობისთვის
იაგო ხვიჩია - ოპოზიცია სრულად უნდა შემოვიდეს პარლამენტში, ბუბა კიკაბიძესაც კი უნდა ვთხოვოთ, მობრძანდეს და დაგვეხმაროს, რომ „ქართული ოცნების“ თავხედობა გასაგები იყოს მოსახლეობისთვის

ჩვენი პოზიციაა, რომ ოპოზიცია სრულად უნდა შემოვიდეს პარლამენტში, ის ხალხიც კი, ერთხელაც რომ არ ყოფილა. ბუბა კიკაბიძესაც კი უნდა ვთხოვოთ, მობრძანდეს და დაგვეხმაროს, რომ „ქართული ოცნების“ თავხედობა გასაგები იყოს მოსახლეობისთვის, ყველამ სხვადასხვა ფორმით უნდა გავაკეთოთ ეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრ​ის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომ „ლელო“ აგრძელებს ბრძოლას, რათა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, „ქართული ოცნების“ მხრიდან პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, პარტია დატოვებს პარლამენტს.

„ზოგადად, ეს მიდგომა – თუ არ მეთამაშები, წავალ, არ არი, ჩემი აზრით, სწორი მიდგომა. „ქართულ ოცნებას“ ის უნდა, რითაც ემუქრებიან და ამაზე დიდი ხანია ოცნებობს, ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მოხდეს და შენ ემუქრები იმით, რაც უნდა მას, რომ მოხდეს, ამიტომ ვერ წარმომიდგენია, ეს რანაირად შეიძლება, იყოს სწორი ნაბიჯი.

ჩვენი პოზიციაა, რომ ოპოზიცია სრულად უნდა შემოვიდეს პარლამენტში, ის ხალხიც კი, ერთხელაც რომ არ ყოფილა, ბატონ ბუბა კიკაბიძესაც კი უნდა ვთხოვოთ, რომ მობრძანდეს და დაგვეხმაროს იმაში, რომ „ქართული ოცნების“ თავხედობა გასაგები იყოს მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ყველამ სხვადასხვა ფორმით უნდა გავაკეთოთ ეს. წარმოიდგინეთ, რომ ყველა კომიტეტზე, ყველა სხდომაზე გამოდის ყველა წევრი ოპოზიციიდან და აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“, ფიქრობ, რომ ეს არის სწორი გზა. მერე თუ ადამიანებმა დაგიჯერეს, რომ შენი მორალური პრეტენზიები სწორია, მაშინ შეგიძლია, ხალხს რაღაც მოუწოდო, თორემ ახლა ხალხს ეუბნები, მე გავრბივარ შენთან აგერ ქუჩაში, ერთად ვიდგეთო, ეს როგორ არის სწორი, ეს ხომ დანებებაა რაღაც თვალსაზრისით. მართლა თუ გვჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ შუა აზიისკენ მიჰყავს ქვეყანა, რატომ ვეხმარებით ამაში, შუა აზია ხომ ისაა, სადაც მარტო ზის ერთი პარტია პარლამენტში და არავინ ებრძვის მას და ვიღაცები გარედან ჩხუბობენ, რომელსაც ხან იჭერენ, ხან არ იჭერენ და ა.შ. ჩვენ რატომ ვაკეთებთ ამას ჩვენი ხელით? პარლამენტში ვართ 60 დეპუტატი, რომელსაც უზარმაზარი რესურსი აქვს, რომ იქ „ქართულ ოცნებას“ კომფორტი არ შეუქმნას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.