იაგო ხვიჩია - ოპოზიცია სრულად აეზილა „ნაციონალურ მოძრაობას“, თამაში სწრაფად უნდა შეწყვიტონ
იაგო ხვიჩია - ოპოზიცია სრულად აეზილა „ნაციონალურ მოძრაობას“, თამაში სწრაფად უნდა შეწყვიტონ

ოპოზიცია მთლიანად შეეზილა მიხეილ სააკაშვილს და დღევანდელ პირობებში, როცა ისინი საუბრობენ, რომ სააკაშვილთან ერთად მოვალთ ჩვენ კოალიციაში, გამოიყურება არასერიოზულად, – ამის შესახებ  „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ თამაში სწრაფად უნდა შეწყვიტოს.

„ზოგადად, ოპოზიციას ყოველთვის ჰქონდა ასეთი პოზიცია, რომ ჩვენ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეთ ერთად, კოალიციურად, და კოალიციურად ჩავანაცვლოთ „ქართული ოცნება“. ეს კოალიცია მოიაზრებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იქნებოდა ერთპიროვნულად და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ექნებოდა სრული დომინაცია დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრზე. მაგრამ რაც გვაჩვენა ამ პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში არსებულმა სიტუაციამ, გამოვიდა ისე, რომ ოპოზიცია მთლიანად შეეზილა მიხეილ სააკაშვილს და დღევანდელ პირობებში, როცა ისინი საუბრობენ, რომ სააკაშვილთან ერთად მოვალთ ჩვენ კოალიციაში, გამოიყურება არასერიოზულად. ყველასთვის გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დღეს ამ სიტუაციაში ერთად მოსვლა ნიშნავს მის ერთპიროვნულად მოსვლას და დანარჩენი ოპოზიცია არის ამის „პრიბამბასი“. ფაქტია, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის მიხეილ სააკაშვილის თამაში და ახლა უბრალოდ, ძალიან გასაკვირი იქნება, ჩვენ დავიჯეროთ, რომ სააკაშვილის პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერები, სხვა დამოუკიდებელ თამაშს თამაშობენ, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგან, ისეთ რამეს, რაც მათ არ უნდათ, ეს არასერიოზული მგონია. ეს მათი გადაწყვეტილებაა.

სამწუხაროდ, ოპოზიცია სრულად აეზილა „ნაციონალურ მოძრაობას“ და უბრალოდ, ამომრჩევლისთვის არასერიოზულია თქვა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ან გიგა ბოკერია შეზღუდავს მიხეილ სააკაშვილს ამ მდგომარეობაში. პირიქით – ოპოზიციამ ეს მცდარი თამაში სწრაფად უნდა შეწყვიტოს, სწრაფად დაიბრუნოს თავისი თავი და არა ის, რომ ყველაფერი მიხეილ სააკაშვილი იყოს. ჩვენ დიდი ხანია, ამ პოზიციას გავემიჯნეთ. ჩვენ არ ავირჩიეთ მხარე, რის გამოც გაგვებუტნენ, რადგან ძალიან „თეთრ ყვავებად“ ვჩანდით ყველა ოპოზიცია მიშასთან და ერთი პარტია, რომელიც ღიად აკრიტიკებს როგორც მიხეილ სააკაშვილს, ისე მასზე აყოლილ პოლიტიკოსებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.