იაგო ხვიჩია - ოპოზიცია დღეს ღირსეულად არ არის წარმოდგენილი პარლამენტში, რისი ერთ-ერთი მიზეზიც არის ოპოზიციისა და მათი მედიასაშუალებების მიერ ერთმანეთის ლანძღვა-გინება
ვხედავთ, რომ დღეს ხელისუფლება ძალიან გათამამებულია იმის გამო, რომ ოპოზიციამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიცია დღეს ღირსეულად არ არის წარმოდგენილი პარლამენტში, რისი ერთ-ერთი მიზეზიც არის ოპოზიციისა და მათი მედიასაშუალებების მიერ ერთმანეთის ლანძღვა-გინება. ამასთან, მისივე განცხადებით, ხელისუფლებას არ გაუტეხავს სახელი ოპოზიციისთვის იმდენად, რამდენადაც ეს თავად ოპოზიციამ გააკეთა.
„ყველა ვხედავთ, დღეს ხელისუფლება იქცევა ისე, რომ ცხადია, ძალიან გათამამებულია იმის გამო, რომ ოპოზიციამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. 60-ზე მეტი დეპუტატი არასდროს ჰყოლია ოპოზიციას პარლამენტში, მაგრამ ოპოზიციის შეცდომების გამო მოხდა ისე, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნაც კი პრობლემაა, ანუ 50 კაცის. ზოგი მანდატების ჩახსნის გამო მოხდა ეს პრობლემა, ზოგი იმის გამო, რომ ვიღაცები გავიდნენ და ასე შემდეგ. ასევე მგონია, რომ პრობლემა იმისი, რომ ოპოზიცია დღეს ღირსეულად არ არის წარმოდგენილი პარლამენტში, არის ოპოზიციისა და მათი მედიასაშუალებების მიერ ერთმანეთის ლანძღვა-გინება. ხელისუფლებას არ გაუტეხავს ოპოზიციისთვის სახელი იმდენად, რამდენადაც ოპოზიციამ თვითონ გააკეთა ეს. საკუთარი მედიასაშუალებების, თუ პოლიტიკოსების მეშვეობით, ერთმანეთის ლანძღვით, რომელსაც სახელისუფლებო მედიასაშუალებები ასევე დაცინვით, ირონიით ყოველდღიურად აფიშირებენ. როდის უნდა მოვიდეთ აზრზე? მეტი რა უნდა მოხდეს. იქნებ გამოვიყენოთ ეს საშუალება, როდესაც აი, ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ასე იქცევა, უხეშად, პრობლემურად იქცევა. რა თვალსაზრისითაც არ უნდა შევხედოთ ამას, ქუჩის, ქართველობის, კაცურობის თვალსაზრისით შევხედოთ, რაც გინდათ. იქნებ ახლა მაინც შევძლოთ ის, რომ ამ პირობებში ერთმანეთს ვუთხრათ, მართლა რა გვინდა, რომ იდეით ვიყოთ შეიარაღებული უსამართლობის წინააღმდეგ“,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.