იაგო ხვიჩია - ოპოზიცია ბევრად არაშრომისმოყვარე აღმოჩნდა, ვიდრე „ქართული ოცნება“, მათი დოკუმენტი ნებისმიერ დამსაქმებელს რომ წარუდგინო, სამსახურიდან გაგაგდებენ
იაგო ხვიჩია - ოპოზიცია ბევრად არაშრომისმოყვარე აღმოჩნდა, ვიდრე „ქართული ოცნება“, მათი დოკუმენტი ნებისმიერ დამსაქმებელს რომ წარუდგინო, სამსახურიდან გაგაგდებენ

პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციონერი კოლეგებისგან იმედგაცრუებულია. ამის შესახებ მან საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის ერთობლივი განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ოპოზიცია ბევრად უფრო არაშრომისმოყვარე აღმოჩნდა, ვიდრე „ქართული ოცნება“.

ამასთან, ხვიჩიას შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ფუნდამენტურად იშრომა და ბევრად უფრო სქელტანიანი და ხარისხიანი დოკუმენტი მოამზადა.

„ოპოზიცია ბევრად უფრო არაშრომისმოყვარე აღმოჩნდა, ვიდრე „ქართული ოცნება“. რაც დღეს წარმოადგინეს, როგორც რაღაც ტიპის დოკუმენტი, ნებისმიერ დამსაქმებელს რომ წარმოუდგინო, ეგრევე გაგაგდებენ სამსახურიდან. ასეთი დოკუმენტაცია წარმოადგინეს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ფუნდამენტურად იშრომა. მართალია, შინაარსი არც მათ ჩაუდიათ ისეთი, რაც ევროპელებს უნდოდათ, მაგრამ მათ იშრომეს მაინც, ბევრად უფრო დიდი, სქელტანიანი და ხარისხიანად მომზადებული დოკუმენტებით დადიან. ჩემი კოლეგებისგან ცოტა იმედგაცრუებული ვარ. იმედი მაქვს, პარლამენტში არც დაარეგისტრირებენ და საქმე აქამდე არ მივა. იმიტომ, რომ ეს მათ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს“, – აცხადებს ხვიჩია.

კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საერთო საკანონმდებლო ინიციატივებისა და ცვლილებების ბაზისური პაკეტი შეიმუშავეს.