იაგო ხვიჩია - ოპოზიციაში ყველა პარტიას ჩვენ ინდივიდუალურადაც ველაპარაკებით, პოლიტიკურ პროცესში ვართ, კუდიანებზე ნადირობის ნაცვლად, ჩვენ ამ პროცესს უნდა მივყვეთ
იაგო ხვიჩია - ოპოზიციაში ყველა პარტიას ჩვენ ინდივიდუალურადაც ველაპარაკებით, პოლიტიკურ პროცესში ვართ, კუდიანებზე ნადირობის ნაცვლად, ჩვენ ამ პროცესს უნდა მივყვეთ

ოპოზიციაში ყველა პარტიას ჩვენ ინდივიდუალურადაც ველაპარაკებით, საერთო მეგობრებთანაც და ყველა შემთხვევაშიც. პოლიტიკურ პროცესში ვართ, ერთმანეთი გვჭირდება და ხშირი კომუნიკაცია გვაქვს, ასევე ჩვენ – „გირჩს“ და ელისაშვილსაც და ამას არც არასოდეს უარვყოფთ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

„რაც შეეხება საკითხს, რომელიც დღეს გაირკვა, თითქოს ალეკო ელისაშვილი ელაპარაკება ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ის იყოს განმსაზღვრელი, მე ეს იდეა მომისმენია. ჩემი აზრით, ეს არ არის ბატონი ალეკოს იდეა, ვიცი, რომ ეს არის ფასილიტატორების იდეა და ძალიან მაინტერესებს.

აქამდე ამ იდეაზე სერიოზულად არ გვისაუბრია, თუმცა ვფიქრობ, საინტერესო იდეაა, რომელიც მთელი ამ პროცესის განმავლობაში გაჟღერებულა. ამიტომ მინდა, ჩვენ კი არ ვეძებოთ კუდიანები – მაგალითად, ალეკო დადის თუ არა მოსალაპარაკებლად ხელისუფლებასთან, ან იაგო დადის თუ არა, არამედ, თუ ეს რეალური შესაძლებლობაა, ვთხოვოთ ფასილიტატორებს, გააგრძელონ ამ იდეაზე მუშაობა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, კითხვაზე:„ გაქვთ თუ არა ხელისუფლებასთან ცალკე მოლაპარაკებები, ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას არც ხელისუფლებასთან და არც ნებისმიერ პარტიასთან საუბრის პრობლემა არ აქვს, არამედ ეს პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია.

„ზოგადად, მე არავისთან სიარულის და ლაპარაკის პრობლემა არ მაქვს. ეს იდეა ისე მაინტერესებს, მზად ვარ, ხელისუფლებას შევხვდე და დაველაპარაკო. საერთოდ არ მგონია აქ რამე პრობლემა იყოს. მე მგონია, რომ შეთქმულებების ძიებას უნდა დავანებოთ თავი. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რა გვინდა და რა შემთხვევაში შევალთ პარლამენტში, ამისთვის მე ყველას დაველაპარაკები, ხელისუფლებასაც, ალეკო ელისაშვილსაც, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ნებისმიერ პარტიას. პოლიტიკოსები ვართ და პოლიტიკური პროცესია. მე პრობლემა მაქვს, რომ ხელისუფლება არ გველაპარაკება და არა ის, რომ მე ვიმალები ვინმესთან სალაპარაკოდ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება ხელისუფლების შეთავაზებას, რომ თუ საგამოძიებო კომისია ერთი პროცენტის გაყალბებას მაინც დაადგენს, რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავენ, ხვიჩიამ ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ ენდობიან, თორემ აღნიშნული შეთავაზება პატიოსანი წინადადება იქნებოდა.

ასევე, როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, პარლამენტი დასაბრუნებელია და იმის გამოსწორება, რაც არჩევნებზე მოხდა, მხოლოდ შეთანხმებით არის შესაძლებელი.

„მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ ვენდობით ხელისუფლებას და ეს არის პრობლემა. ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ ეს შედეგები არ გადაკეთდა ან არ გადმოკეთდა. ზოგადად, ნდობა არ არსებობს, განა, ეგ არ იქნებოდა პატიოსანი წინადადება ჩვენ რომ სახელმწიფო ვიყოთ, ინსტიტუციები გვქონდეს და ვენდობოდეთ, რომ თუნდაც ცესკოში არავინ არ შევარდა და ეს ყუთები არ გახსნა. ამიტომ, ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ ხელისუფლებამ რამდენად გააყალბა არჩევნები. ამიტომაა ერთადერთი გზა შეთანხმების მიღწევა და კონსენსუსი.

იმის გამოსწორება, რაც არჩევნებზე მოხდა, არის მხოლოდ შეთანხმებით შესაძლებელი. რაც გამოსასწორებელია არის ის, რომ პარლამენტია დასაბრუნებელი, ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთადერთი პარლამენტი გვქონდა, რომელსაც ასე თუ ისე ვაღიარებდით და მის მიერ მიღებულ კანონებს ვცნობდით. ახლა პარლამენტი დავკარგეთ. ამაში უმთავრესი დამნაშავე ხელისუფლებაა, როგორც არჩევნების უხეიროდ ჩამტარებელი, მაგრამ თავისი პასუხისმგებლობა დაეკისრება ოპოზიციასაც, თუ სრული სიმართლე არ იქნება ოპოზციის მხარეს, ეს სიმართლე კი ახლა ფასილიტატორებთან ირკვევა. მათ აქვთ კონკრეტული წინადადებები და შემოთავაზებები. ამიტომ, ჩემი ზარით, ჩვენ ამ პროცესს უნდა მივყვეთ, ნაცვლად კუდიანებზე ნადირობისა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.