იაგო ხვიჩია - „ოცნებამ“ მყესები გაიწყვიტა და სად არის „ნაციონალური მოძრაობა“, რატომ არ ცდილობენ გოლის გატანას, ქვეყნის ინტერესების ღალატია, როცა შეგიძლია, მოთოკო ხელისუფლების თავგასულობა და ამას არ აკეთებ
იაგო ხვიჩია - „ოცნებამ“ მყესები გაიწყვიტა და სად არის „ნაციონალური მოძრაობა“, რატომ არ ცდილობენ გოლის გატანას, ქვეყნის ინტერესების ღალატია, როცა შეგიძლია, მოთოკო ხელისუფლების თავგასულობა და ამას არ აკეთებ

სად არის „ნაციონალური მოძრაობა“, რატომ არ არის დღეს „ნაცმოძრაობის“ არცერთ დეპუტატი, რატომ არ იყნებენ ამ უპირატესობას, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ თავად, ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, მყესები გაიწყვიტა არაფრისგან? რატომ არ ცდილობენ გოლის გატანას, სად არიან? – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევა უმყარებს რწმენას, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებული არიან.

„მინდა, ქართველ ხალხს მივმართო, რადგან ჩვენს კოლეგებს ჩვენი ნალაპარაკევი არ ესმით, რადგან ეს გახდა დარბაზი, სადაც ადამიანებს ერთმანეთის არ ესმით და, ფაქტობრივად, ეს გახდა დარბაზი, სადაც ადამიანებს ერთმანეთის არ ესმით, თითქოს სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, სადაც დისკუსია აკრძალულია და არ არის წახალისებული. მინდა, ქართველ ხალხს ავუხსნა, რა შენობაა ეს და რა კონფიგურაცია არსებობს დღეს პარლამენტში. ჩემგან მარჯვნივ „ქართული ოცნების“ დეპუტატები სხედან, ისინი ყველაზე დიდი ფრაქციაა, აქეთა მხარეს ოპოზიცია ვსხედვართ, ბევრად ცოტანი ვართ და დღეს კიდევ უფრო ცოტანი ვართ. მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს კოლეგებს როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან, არ უნდათ პოლიტიკოსობა. ამ დარბაზში, წესით, პოლიტიკოსები უნდა ვისხდეთ და პოლიტიკურ საქმეებს ვიხილავდეთ, მაგრამ არავის არ უნდა პოლიტიკოსობა. ნახეთ, რაში გამოიხატება ეს.

საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პრორუსული მთავრობა არასდროს გვყოლია იმ თვალსაზრისით, რომ თავად აღაირებდა, რომ პრორუსული მთავრობა ვართ და თავად აღიარებდა, რომ მზად არის, მხარი დაუჭიროს რამე პრორუსულ კანონს. საქართველოში ყოველთვის ერთმანეთს ვლანძღავდით, შე რუსო-თი, პუტინისტო-თი, რუსეთის აგენტობით და ა.შ. უცბად, ერთ დღეში გაირკვა, რომ პრორუსობა არცთუ ისე პრობლემაა, მთელმა სამყარომ შეიძლება გვითხრას, რომ ეს კანონი არის პრორუსული და ჩვენ მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს მთავრობა საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდ დღეშია მორალურად – მათ ერთ დღეს პრორუსულ კანონს მხარი დაუჭირეს, მეორე დღეს ეს უკან წაიღეს.

„რა ხდება ამ დროს საქართველოს პარლამენტში, სად არის „ნაციონალური მოძრაობა“, რატომ არ არის დღეს „ნაცმოძრაობის“ არცერთი დეპუტატი, რატომ არ იყენებენ ამ უპირატესობას, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ თავად, ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, მყესები გაიწყვიტა არაფრისგან? რატომ არ იყენებს ამ უპირატესობას? რატომ არ ცდილობს გოლის გატანას? სად არიან? ეს მიმყარებს რწმენას, რომ ესენი შეთანხმებული არიან, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად უჭირს „ქართულ ოცნებას“, ძალას იკრებს, ერთმანეთს ამხნევებენ, თითქოს არაფერი მომხდარა. სტუდენტებს აკრიტიკებენ და ემუქრებიან, რომ ყველას ამოგიცნობთ, ვიცით თქვენი წარსული, დაუსჯელი არავინ დარჩებით. დღესვე შემოაქვთ ჯარის კანონი, სადაც იმ ხალხს, რომლებიც აქციაზე აქტიურობდნენ, შერჩევითად ჯარში გაუშვებენ ან დაემუქრებიან ჯარში გაშვებით. სად არის ოპოზიცია? რისთვის აირჩია „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხმა, იმისთვის ხომ არა, რომ ამ დროს „ქართულმა ოცნებამ“ თავი კომფორტულად არ იგრძნოს? იმისთვის ხომ არა, ახლა ნაუცბათევად შემოგდებული კანონი დღის ბოლომდე ვერ დაამტკიცონ და ოპოზიციამ ამის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაფერი გააკეთოს?

თუ რამე არის ქვეყნის ინტერესების ღალატი – ქვეყნის ინტერესების ღალატია, როცა შეგიძლია, მოთოკო ხელისუფლების აღვირახსნილობა, თავგასულობა და ამას არ აკეთებთ. ქვეყნის ღალატია, როცა გესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ საინტერესო ეპოქაში სწორი ნაბიჯების გადადგმა, ლაპარაკი ერთმანეთთან და ამას არ აკეთებ. სწორედ ეს არის ამ პარლამენტის მთავარი პრობლემა, ჩვენ ერთმანეთთან ლაპარაკი ვერ გავბედეთ, რადგან ჩვენ არ გვინდა პოლიტიკოსობა. ჩემი კოლეგები არ მოძრაობენ იმ სტიმულით, რაც პოლიტიკოსებს ამოძრავებთ, ჩემი კოლეგები მოძრაობენ დაქირავებული თანამშრომლის სტიმულით, რომლებიც მზად არიან, უფროსის ნებისმიერი ბრძანება შეასრულონ, მიუხედავად იმისა, თავად რა ჰგონიათ სწორი და არასწორი“, – განაცხადა ხვიჩიამ.