იაგო ხვიჩია - ნიკა მელია ისე აგვიანებს გადაწყვეტილებების მიღებას, შესაძლოა, არჩევნებმა ისე ჩაიაროს, პარტია კიდევ არ იყოს შექმნილი
იაგო ხვიჩია - ნიკა მელია ისე აგვიანებს გადაწყვეტილებების მიღებას, შესაძლოა, არჩევნებმა ისე ჩაიაროს, პარტია კიდევ არ იყოს შექმნილი

ნიკა მელია ისე აგვიანებს ხოლმე გადაწყვეტილებების მიღებას, შესაძლოა, არჩევნებმა ისე ჩაიაროს, პარტია კიდევ არ იყოს შექმნილი, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ნაცმოძრაობა“ ახლა უნდა ცდილობდეს პარტიაში სხვა ხალხის დამატებას, რათა რღვევის პროცესი შეაჩეროს.

„ნიკა მელიას პარტიის პერსპექტივა რომ შევაფასო, სულ მცირე, უნდა ვიცოდე, როგორ წარმოუდგენია მას საკუთარი პარტია და პერსპექტივა. შესაბამისად, ვიდრე პარტიაც არ შექმნილა, ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ რასაც ვუყურებ, ნიკა მელია ისე აგვიანებს ხოლმე გადაწყვეტილებების მიღებას, შესაძლოა, არჩევნებმა ისე ჩაიაროს, პარტია კიდევ არ იყოს შექმნილი.

მეგობრებთან ერთად ნიკა მელიას წასვლას შეუძლია, პრობლემები შეუქმნას „ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომ „ნაცმოძრაობა“ ახლა უნდა ცდილობდეს სხვა ხალხის დამატებას, რომ შეაჩეროს რღვევის პროცესი, რაც პარტიაში ხდება. ერთ-ორ პარტიას ვურჩევდი, რომელიც, კარგი იქნებოდა, თუ დაიმატებდნენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, კონკრეტულად ვის გულისხმობს, ხვიჩიამ აღნიშნა: „განსაკუთრებით მათ, ვინც ოდესღაც „ნაცებში“ იყვნენ. ყველა უნდა დაბრუნდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამით შეჩერდეს რღვევა, რომელიც მელიას წასვლამ გამოიწვია“.