იაგო ხვიჩია - NDI-ს კვლევები მართლა გადასახევია, მაგრამ ასეთი სხვა კვლევებიც გვინახავს, ის რატომ მოსწონდათ და ახლა არ მოსწონთ? როგორც ჩანს, ვაშაძეს ახლა გაუნათდა გონება
იაგო ხვიჩია - NDI-ს კვლევები მართლა გადასახევია, მაგრამ ასეთი სხვა კვლევებიც გვინახავს, ის რატომ მოსწონდათ და ახლა არ მოსწონთ? როგორც ჩანს, ვაშაძეს ახლა გაუნათდა გონება

NDI-ს პოლიტიკურ ნაწილში კვლევები მართლა გადასახევია, თავად წერენ, რომ ორი ათასი ადამიანი გამოჰკითხეს, მაგრამ ასეთი სხვა კვლევებიც გვინახავს, ის რატომ მოსწონდათ და ახლა არ მოსწონთ. ამაზე დამაჯერებელი პასუხი არ მაქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის იმ განცხადებაზე, სადაც ვაშაძე ამბობს: „NDI-ის ბოლო კვლევა საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ, რადგან პოლიტიკურ ნაწილში ეს არის სისულელე“.

„ზოგადად, NDI-ს პოლიტიკურ ნაწილში კვლევები მართლა გადასახევია. თავად წერენ, რომ ორი ათასი ადამიანი გამოჰკითხეს, სადაც 72-მა პროცენტმა არც ერთ კითხვას არ უპასუხა, 28 პროცენტის 65-მა პროცენტმა კი, პოლიტიკურ სიმპათიებზე კითხვას არ უპასუხა. წარმოიდგინეთ, ორი ათასი ადამიანიდან 250 კაცამდე ჩამოვედით. როგორ შეიძლება, ამ კვლევას რაიმე შინაარსი ჰქონდეს და გადასახევი არ იყოს, მაგრამ ასეთი სხვა კვლევებიც გვინახავს და ის რატომ მოსწონდათ და ახლა რატომ არ მოსწონთ, ამაზე არ მაქვს დამაჯერებელი პასუხი. როგორც ჩანს, ვაშაძეს ახლა გაუნათდა გონება. ვიდრე ცოცხალი ხარ, სულ არის შანსი, გონება გაგინათდეს. აქამდე სხვანაირად უყურებდა. შეიძლება ის რეიტინგი არც აწყობდა, მაგრამ ახლა პოზიცია შეეცვალა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.