იაგო ხვიჩია - ნათელია, სააკაშვილი ციხეში შეთანხმებით ზის, რაც შეიძლება მალე გამოსვლა უნდა, მაგრამ „ქოცების“ ნდობა არ შეიძლებოდა
იაგო ხვიჩია - ნათელია, სააკაშვილი ციხეში შეთანხმებით ზის, რაც შეიძლება მალე გამოსვლა უნდა, მაგრამ „ქოცების“ ნდობა არ შეიძლებოდა

სააკაშვილის მიზანი შეიძლებოდა ყოფილიყო ორი რამ – გადატრიალება ან შეთანხმება. ან გადატრიალებისთვის შემოვიდა, ან შეთანხმებით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

აღნიშნულით, ხვიჩიამ შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული ღია წერილი, სადაც საუბარია სხვადასხვა ვერსიაზე, თუ რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში ჩამოსვლა დაგეგმა.

„მოგეხსენებათ, ქართულ პოლიტიკაში ნარკომანობის ძახილი „ქართული ოცნების“ ტრენდია, ყოფილ თანაპარტიელებსაც ასე მოიხსენიებენ. მთელი ეს ნარატივი, რაც მიშას გადატრიალების მცდელობაზეა, არის ის, რომ დამალონ საკუთარი შეთანხმება მიხეილ სააკაშვილთან. თვალნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში შეთანხმებით ზის. რაც შეიძლება მალე გამოსვლა უნდა, მაგრამ „ქოცების“ ნდობა არ შეიძლებოდა. შესაძლოა, ციხეში დიდი ხანი ჩატოვონ, ან რამდენიმე თვე. წარმოიდგინეთ, თვითონ ეს ვერსია – გადატრიალების მოწყობა, უნდოდა სააკაშვილს და დაკავებული ჰყავთ ტრაილერის მძღოლი და მისი შვილი. თუ ამ ვერსიას სერიოზულად „აწვები“, მაშინ მთელი „ნაცების“ ლიდერშიფი ციხეში უნდა იჯდეს გადატრიალებაში თანამონაწილეობისთვის. მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, მძღოლი და მისი შვილი ხომ არ მოაწყობდნენ გადატრიალებას? – ეს აბსურდია და შეთანხმების შესანიღბად უფრო მეტ დაუჯერებელ რაღაცებს გვეუბნებიან, რომ დავიჯეროთ. არასდროს არ უნდა დაიჯეროთ, რომ გადატრიალება მზადდებოდა, თუ დაინახავთ, რომ დაკავებული ჰყავთ ტრაილერის მძღოლი და მისი შვილი.

სააკაშვილის მიზანი შეიძლებოდა ყოფილიყო ორი რამ – გადატრიალება ან შეთანხმება. ან გადატრიალებისთვის შემოვიდა, ან შეთანხმებით. საზღვარს გადავკვეთ და „ქოცებს“ გავაბანძებო, ხომ არ შეიძლება იყოს მიზანი? მიზანი არის – ან შევალ საქართველოში და გადატრიალებას მოვაწყობ, ან შევალ საქართველოში, მივიღებ სულელურ ფანდში მონაწილეობას და ხმებს გადავინაწილებთ მე და ჩემი მეგობარი. რომელია უფრო დამაჯერებელი, შეგიძლიათ თქვენ იფიქროთ, მაგრამ მესამე ფიზიკურად ვერ იარსებებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.