იაგო ხვიჩია - „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა ის არის, რომ არასოდეს აღიარებენ შეცდომებს, უნდათ, ხალხმა ისე აპატიოს, პარტიის რეფორმაცია თუ დაიწყება, ახალმა „ნაცმოძრაობამ“ ეს უნდა გაიაზროს ან დაიშალოს
იაგო ხვიჩია - „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა ის არის, რომ არასოდეს აღიარებენ შეცდომებს, უნდათ, ხალხმა ისე აპატიოს, პარტიის რეფორმაცია თუ დაიწყება, ახალმა „ნაცმოძრაობამ“ ეს უნდა გაიაზროს ან დაიშალოს

ფაქტია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისია, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ნაცმოძრაობას“ და მათ შორის, გარეშე პირებს, ვისაც „ნაცმოძრაობასთან“ საქმიანი ურთიერთობა გვინდა, ჩვენც გვჭირდება რაღაც ტიპის ლეგიტიმური ლიდერი და ლიდერები, ვისთანაც შევძლებდით კონკრეტულ საქმეზე ლაპარაკს, ვისგანაც შეგვეძლო, მიგვეღო კონკრეტული პასუხები და გვქონოდა მოლოდინი, რომ ამ დალაპარაკების და შეთანხმების ადეკვატურად მოიქცეოდა. პარტია შიგნით უნდა გენერირებდეს ასეთი ტიპის ლიდერებს, მაგრამ ფაქტია, კრიზისია. როდესაც კრიზისია პოლიტიკაში, ხალხს უხმო დასახმარებლად, ჩაატარო არჩევნები და პრაიმერისები, ჩემთვის ეს გასაგები და ბუნებრივია, თუმცა თუ ამას გავიგებთ ისე, რომ ზოგადად ოპოზიციაში პრაიმერისია ჩასატარებელი, რომლის შედეგებსაც დავინახავთ, მაგრამ ეს პროცესი „ნაცმოძრაობის“ ლიდინგის ქვეშ იქნება, ეს ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ამ განცხადებით იაგო ხვიჩიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად სწორი გამოსავალია ოპოზიციაში პრაიმერისის ჩატარება, რაც ნიკა ობოლაძის ინიციატივაა.

მისი თქმით, „გირჩი“ ყველა პარტიასთან ურთიერთობს და აღმოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კომპეტენციები გამიჯნული არ არის, თემების მიხედვით არ არიან კონკრეტული პასუხისმგებელი პირები, ვისაც თანამშრომლობის მსურველი პარტია დაელაპარაკება და რაღაცას დაალაგებს.

„თუ მეტი არა, სულ მცირე რეორგანიზაციაა საჭირო ამათი, „ნაცმოძრაობის“ ტრანსფორმაცია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნიკა მელია გადაწყვეტილებების მიმღები არ არის, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, მელიასაც ჰქონდეს თავისი ადგილი, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მთავარი პრობლემა არის გადაწყვეტილების მიუღებლობა.

„შეიძლება, მელიასაც ჰქონდეს თავისი ადგილი. მე ხომ არ ვიცი?! არ მინდა, „ნაცმოძრაობის“ შიდა ანატომიაში ჩავერიო, რადგან ამას ასე კარგად არ ვიცნობ. მე ვხედავ იმ პრობლემებს, რომლებსაც ვხვდებოდი ამ ხალხთან ურთიერთობის დროს მანამდე და პრობლემები ნამდვილად მქონდა. მთავარი პრობლემა იყო გადაწყვეტილების მიუღებლობა და კონკრეტული პოზიციის ვერმოსმენა კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, ისე, რომ შეთანხმდე, მოდი, ახლა ამ პოზიციას თანმიმდევრულად ვაგრძელებთ. მოკლედ, წინააღმდეგობრივი იყო, რადგან სხვა ადამიანები სხვა რამეს ლაპარაკობდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამ მიიყვანა „ნაციონალური მოძრაობა“ იქამდე, რომ დღეს უკვე პარტიის ლიდერები ერთმანეთს საჯაროდ უპირისპირდებიან და აკრიტიკებენ, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი შეცდომების კასკადის არაღიარებას უკავშირდება, მათ შორის, სააკაშვილის ჩამოსვლას არასწორი მეთოდებით, სხვადასხვა მოლოდინით, 2020 წლის არჩევნების არაღიარებას და ეს გაჯიუტება დღემდე გრძელდება.

„ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი არასოდეს არ აღიარებენ შეცდომებს და უნდათ, ხალხმა ისე აპატიოს, შეცდომების არაღიარების გარეშე. არადა, პატიება შეცდომების აღიარებით იწყება. ჩემი აზრით, ეს უნდა გაიაზროს ახალმა „ნაცმოძრაობამ“, პარტიის რეფორმაცია რომ დაიწყება, თუ დაიწყო, ან დაიშალოს. სწორი გაგრძელება ასე წარმომიდგენია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა მომავალი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის გარეშე, რომელიც ბოლო დროს დისტანცირებულია პოლიტიკისგან და შეძლებს თუ არა პარტია ელექტორატის შენარჩუნებას, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობას“ აქვს პოტენციალი, ორ, ან სამ ნაწილად გაიყოს და ყველას თავისი ელექტორატი ჰყავდეს, მაგრამ „ვიდრე სააკაშვილის ფაქტორი არსებობს, ამ პარტიის დაშლა წარმოუდგენელია“.

„ნაცმოძრაობის“ დაშლა მოხდება მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი გავა პოლიტიკიდან. „ნაცმოძრაობა“ ვიდრე არსებობს, ადამიანების თავში მიხეილ სააკაშვილი ისევ პოლიტიკაშია, ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა ხვიჩიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, პოლიტიკური თამაშის ნაწილი იყოს განცხადებები იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მის მიერ შექმნილი პარტიისგან სრულად არის დისტანცირებული, ხვიჩიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა წასვლა მართლა გულწრფელად რომ გადაწყვიტოს, ამას არავინ დაიჯერებს.

„ჩვენ ხომ ვიცნობთ მიხეილ სააკაშვილს და ჩემი აზრით, არ მიგვაჩნია ისე სანდო ადამიანად, რომ ეს თქვას და ავტომატურად დაუჯერო. მის ნათქვამს უნდა მოჰყვებოდეს კონკრეტული შედეგები. ადამიანი თუ მართლა წასულია პოლიტიკიდან, შეუძლებელია, ამას შედეგები არ მოჰყვეს ისეთ პარტიაში, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„გირჩის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ არის მომზადებული, პარტიას ამის სურვილიც არ გააჩნია და სრულიად პარალიზებულია, რაც ხვიჩიას თქმით, ზოგადად ოპოზიციისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის არის პრობლემა.