იაგო ხვიჩია - „ნაცმოძრაობას“ არც აქამდე ეტყობოდა და არც ახლა ეტყობა, რომ თანამშრომლობის სურვილი აქვს, მათ უნდათ სააკაშვილის გვარდიაში ხალხი ჩაეწეროს, ასეთი შეთავაზებები ჩვენ არ გვეხება
იაგო ხვიჩია - „ნაცმოძრაობას“ არც აქამდე ეტყობოდა და არც ახლა ეტყობა, რომ თანამშრომლობის სურვილი აქვს, მათ უნდათ სააკაშვილის გვარდიაში ხალხი ჩაეწეროს, ასეთი შეთავაზებები ჩვენ არ გვეხება

„ნაცმოძრაობას“ არც აქამდე ეტყობოდა და არც ახლა ეტყობა, რომ თანამშრომლობის სურვილი აქვს, მათ უნდათ სააკაშვილის გვარდიაში ხალხი ჩაეწეროს, ასეთი შეთავაზებები ჩვენ არ გვეხება, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, მის ადგილას ჯერ საქართველოს მოქალაქეობას აიღებდა, შემდეგ კი საზოგადოებას ბოდიშს მოუხდიდა.

„მიხეილ სააკაშვილის ადგილას მე დავიწყებდი იმით, რომ პრეზიდენტს ვთხოვდი მოქალაქეობას. მას აქვს უფლება და სააკაშვილი, მისი სურვილის შემთხვევაში, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; მეორე – დავიწყებდი იმით, რომ მოვიხდიდი ბოდიშს ტყუილისთვის, რის გამოც ამდენი ხნის განმავლობაში, წელიწად-ნახევარზე მეტი სიცრუეში აცხოვრებდა საკუთარ მოსახლეობას. მეორე ნაწილი ეს უნდა იყოს. დანაჩენი ბოდიშის მოხდა იმაზე, რაც წარსულში ჩაუდენია და პატიების თხოვნა ხალხისთვის, რომ პოლიტიკაში მისი ყოფნის პირობებში ადამიანებს ჰქონდეთ განცდა, რა გაიაზრა მიხეილ სააკაშვილმა და რა – არა ამ ხნის განმავლობაში. მე ასე მოვიქცეოდი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი რას იზამს, მე არ მეკითხება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებაზე სააკაშვილის მოწოდებას, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ თანამშრომლობენ ყველასთან, ვისაც მართლა თანამშრომლობა უნდა.

„უბრალოდ, „ნაცმოძრაობას“ არც აქამდე ეტყობოდა და არც ახლა ეტყობა, რომ თანამშრომლობის სურვილი აქვს. მათ უნდათ მიხეილ სააკაშვილის გვარდიაში ხალხი ჩაეწეროს და ასეთი შეთავაზებები ჩვენ არ გვეხება. რაც შეეხება ლაპარაკს, დისკუსიას, რასაკვირველია, დიდი სიამოვნებით. უბრალოდ, როგორც ხელისუფლებაა ჩაკეტილი მსჯელობისთვის და დისკუსიისთვის, სამწუხაროდ, ასეა ჩაკეტილი ოპოზიციაც, განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.