იაგო ხვიჩია - „ნაციონალურ მოძრაობას“ მე ვერ გამოვასწორებ
იაგო ხვიჩია - „ნაციონალურ მოძრაობას“ მე ვერ გამოვასწორებ

ეტყობა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ სცალიათ, რეგიონებში არიან საარჩევნო კამპანიაში და თბილისში ჩამოსვლა მათთვის მოსახერხებელი არ არის, ან უბრალოდ, შეკრულები არიან „ქოცებთან“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ლელოს“ ინიციატივასთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი სახის ინიციატივები ერთპარტიული არ უნდა იყოს.

„ასეთი ინიციატივები მრავალპარტიული უნდა იყოს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პარტია ფიქრობს, რომ მეორე პარტიას ქულა არ დააწერინოს, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ გამონაკლისი არ არის. ვფიქრობ, რომ „ლელოს“ მხრიდანაც სწორი არ იყო, რომ ეს მისი ინიციატივა იყო, ეს ერთობლივი ინიციატივა უნდა ყოფილიყო ოპოზიციის, რომელსაც უხეშად ხელს ვერავინ კრავდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ მე ვერ გამოვასწორებ, მაგრამ როცა ასეთი ინიციატივა იყო, ყველას ვკითხავდი, ერთობლივად ხომ არ შევიტანოთ, ასეთი ინიციატივა-თქო. ეს არ არის „ლელოს“ შეცდომა, გეუბნებით, რა აჯობებდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ამ დროისთვის სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „საქართველოსთვის“, „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მხარი დაუჭირეს „ლელოს“ ინიციატივას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე.

ინიციატივას არ უერთდება „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს 2 ოქტომბრამდე არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად“.