იაგო ხვიჩია - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოსავალი, შესაძლოა, იმაში იპოვონ, თუ ხაბესაც გადააყენებენ და ვინც აქამდე გაბრაზებული იყო, თავზე ხელს მოუთათუნებენ
„ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოსავალი, შესაძლოა, იმაში იპოვონ, რომ ხაბეც გადააყენონ და ვინც აქამდე გაბრაზებული იყო, თავზე ხელი მოუთათუნონ, მათი „ნაცებში“ დაბრუნება სცადონ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩიას „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„მგონი, ჯერ ყველაფერი არ არის გარკვეული. „ნაცმოძრაობაში“ ხაბეს წყალობის მიღმა ისეთი ხალხი დარჩა, რომელთაც უფრო მეტი სტაჟი აქვთ „ნაცმოძრაობასთან“ ურთიერთობის, ვიდრე თავად ხაბეს. შესაბამისად, არ მგონია, საქმე ასე მარტივად მორჩეს და პარტიამ ასე მარტივად თქვას უარი იმაზე, ვინც ახლა ხაბეს გადადგომას ითხოვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, გამოსავალი, შეიძლება, იმაში იპოვონ, რომ ხაბეც გადააყენონ და ვინც აქამდე გაბრაზებული იყო, თავზე ხელი მოუთათუნონ, მათი „ნაცებში“ დაბრუნება სცადონ. ხაბეს გადადგომას ამდენი ხალხი რადგან ითხოვს, მელია კი გაუშვეს, მაგრამ, შესაძლოა, ამდენი ხალხის გაშვება პარტიას არ უნდოდეს და მათთვის სწორი გადაწყვეტილება იყოს, მელიასთან ერთად, ხაბეს გაშვებაც, ახალი კოლექტიური ორგანოს ჩამოყალიბება, სადაც თავმჯდომარე არავინ იქნება და პარტია კოლექტიურად იმართება. ამ დროს კი იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი მართავს“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს.