იაგო ხვიჩია - მოთხოვნა, რომელიც ტექნიკურ მთავრობას ეხება, საერთოდ ბუნდოვანია, ბევრად უფრო გასაგები უნდა იყოს იდეა, სინამდვილეში რისთვის აწუხებ ამ ადამიანებს
იაგო ხვიჩია - მოთხოვნა, რომელიც ტექნიკურ მთავრობას ეხება, საერთოდ ბუნდოვანია, ბევრად უფრო გასაგები უნდა იყოს იდეა, სინამდვილეში რისთვის აწუხებ ამ ადამიანებს

მოთხოვნა, რომელიც ტექნიკურ მთავრობას ეხება, საერთოდ ბუნდოვანია, ვინ ნიშნავს მთავრობას, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„30 წელია, ვცდილობთ, სახალხო მთავრობა გვყავდეს, ხალხის ინტერესების გამტარებელი, ამას 30 წლის განმავლობაში ვერ მივაგენით და ახლა უბრალოდ, რა ცოდნა არსებობს ისეთი „სირცხვილია“, თუ სხვა ორგანიზატორებში, რომ მათ შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და ასეთ რთულ, გარდამტეხ დროს ტექნიკური მთავრობა შექმნან?“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად რეალისტური და შესრულებადია ტექნიკური მთავრობის შექმნის გეგმა, რომელიც აქციის ორგანიზატორებს აქვთ, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მოთხოვნები იმდენად ბუნდოვანია და იმდენად აჩენს კითხვებს, რომ შეუძლებელია, ამ იდეაზე ხალხი აიყოლიონ.

„ვფიქრობ, ბევრად უფრო გასაგები უნდა იყოს იდეა, სინამდვილეში რისთვის აწუხებ ამ ადამიანებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, არჩევნები არის ერთადერთი საშუალება, რომელიც არსებულ ტოქსიკურ მდგომარეობას უშველის და ამისთვის საჭიროა, პოლიტიკოსებმა კონსტიტუციის შეცვლაზე იმუშაონ.

„ჯერ უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთ და შემდეგ უნდა იყოს არჩევნები. ახალი არჩევნები არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ჩვენს ტოქსიკურ მდგომარეობას უშველის, რაც მთელ ქვეყანაში არსებობს, რის გამოც ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით და, რის გამოც გვაქვს უამრავი პრობლემა. ერთ დღეში ეს არ გამოვა, ამაზე სამუშაოა, მაგრამ თუ რამეზე უნდა იყოს საპროტესტო მუხტი, უნდა იყოს არა ღარიბაშვილის გადადგომაზე, ან რაღაც „ენჯეოშნიკებიდან“, ან ვიღაცებისგან შემდგარი ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებაზე, რომელიც არაფერ შუაში არ არის, არამედ იმაზე, რომ მოდით, ხალხს მივცეთ საშუალება, თვითონ დააკომპლექტოს მათი მოსაწონი კონფიგურაცია. ერთადერთი, რაც მოქმედმა პოლიტიკურმა სპექტრმა ახლა შეგვიძლია, გავაკეთოთ, არის ის, რომ კონსტიტუცია შევცვალოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, „ამ აქციებს თუ რამე პერსპექტივა აქვს, პერსპექტივა იმ შემთხვევაში ექნება, თუ მოხდება გააზრება, რომ ამ საქმეს ძალიან გონივრული და პასუხისმგებლობით დამოკიდებულება სჭირდება“.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. მათ შორის, ძალიან სამართლიანი საპროტესტო მუხტი არსებობს ქვეყანაში და ამ სამართლიანი საპროტესტო მუხტის მართვაზე პასუხისმგებლობა, ჩემი აზრით, ყველას საქმე არ არის“, – განაცხადა ხვიჩიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პროცესში პოლიტიკოსები უნდა ჩაერთონ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური საკითხია თავისი შინაარსით და პოლიტიკოსები ამბებს უფრო სერიოზულად რომ უყურებდნენ, პროცესში აქამდეც უნდა ჩართულიყვნენ.

„ამ საქმეს თუ რამე პოლიტიკური პერსპექტივა უწერია და ეს ჩვეულებრივად, რაღაც გართობის დონეზე არ დარჩება, ეს პოლიტიკური საკითხია თავისი შინაარსით და ამ ქვეყანაში პოლიტიკოსები ამბებს უფრო სერიოზულად რომ უყურებდნენ, აქამდეც უნდა იყვნენ ჩართული და აქამდეც უნდა არსებობდეს პოლიტიკური იდეა და აზრი, რის მისაღწევადაც ამ ხალხის ქუჩაში გამოსვლა გჭირდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.