იაგო ხვიჩია - მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დისკრედიტირებულია
იაგო ხვიჩია - მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დისკრედიტირებულია

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დისკრედიტირებულია და არ ელოდება, რომ რომელიმე კანდიდატს მხარს დაუჭერს.

„მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი იმდენად დისკრედიტირებულია, არ ელოდები, რომ რაღაც ისეთი მოხდება, რომლის შედეგად, მხარს დაუჭერ ამა თუ იმ კანდიდატს. ვუშვებ, რომ კონკრეტული კანდიდატები მომზადებულები და კვალიფიციურები იყვნენ, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ამ პროცესს ნდობის აღდგენის გარეშე ვაწარმოებთ. განხილვებს ჩემი ოპოზიციონერი კოლეგებიც ესწრებიან, ისინი კრიტიკულ კითხვებს სვამენ და არც ერთ კანდიდატს არ უჭერენ მხარეს. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არ მინდა. როცა პროცესში ვმონაწილეობ, კარგიც უნდა დავინახო და ცუდიც. როცა კარგსა და ცუდს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პროცესი თავიდანვე დაზიანებულია, მასში მონაწილეობისგან თავს ვიკავებ.

საქართველოში სასამართლოს პრობლემის გადაწყვეტა ვერ იქნებოდა 19 აპრილის შეთანხმების ფუნქცია. შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოში იმისთვის არ ჩამოსულან, რომ ჩვენი სასამართლოს პრობლემები მოეგვარებინათ. ეს რთული ამოცანაა და ამ ადამიანებს ბევრს ნუ მოვთხოვდით. შეთანხმებაში რაც წერია, „ქართულ ოცნებას“ ყველაფერი რომ შეესრულებინა, სასამართლო დამოუკიდებელი მაინც ვერ იქნებოდა. სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის სხვა რამეა საჭირო. ხელისუფლებამ შეთანხმების ეს ნაწილი ისე შეასრულა, რომ მოსამართლეების დანიშვნის წინააღმდეგი არიან მედიატორები, ოპოზიციის წარმომადგენლები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.